საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით არის ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი.
ფაქტობრივი მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის გეგმურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 290 მილიონი ლარით. გარდა ამისა, გაიზრდება შემოსავლის გეგმური მაჩვენებელი, სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი, დაახლოებით, 270 მილიონი ლარით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.