არჩილ თალაკვაძე – ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა

369 წაკითხვა

ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა – ჩვენ მოთმინებით და თანმიმდევრულად განვაგრძობთ სამუშაოს შესრულებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, საქართველო მზად იქნება, წარადგინოს ევრო რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ჰქონდეს.

„საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თანმიმდევრულად მუშაობს ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე. პრაქტიკულად ორი რეკომენდაცია დარჩა, რომელთან დაკავშირებითაც კიდევ გვაქვს სამუშაო პარლამენტში. ვთვლით, რომ საქართველო მზად იქნება, წარადგინოს ევრო რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს ჰქონდეს შესაძლებლობა და საფუძველი, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი აქვს, უკვე დაადასტურა წინა თვეებში ევროკომისიის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა. ბუნებრივია, შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ, რათა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამოირიცხოს.

სამუშაო, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მეორე მხარესაა ის, ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საერთო კონტექსტის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ასევე, ეს უკავშირდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია პირდაპირ გამოთქვამს წუხილებს და „დახმარებას სთხოვს“ ევროპელ პარტნიორებს, რომ როგორმე საქართველოს არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსი არ მისცენ.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარლამენტში მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი ყოფილიყო, ოპოზიციას ჰქონოდა ლეგალური დაფინანსება, წვდომა მედიაზე და რეალური ოპონირების მცდელობა. მეორეა – რისთვის იყენებენ ამას. ოპოზიციურ როლს აქტიურად იყენებენ, რათა დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, შემდეგ ამაში ხელისუფლება დაადანაშაულონ და ეს როგორმე გამოიყენონ არჩევნებში რაღაც ენერგიის მისაღებად. ჩვენ მოთმინებით და თანმიმდევრულად განვაგრძობთ სამუშაოს შესრულებას, რაც ევროინტეგრაციას უკავშირდება, გვჯერა, რომ საქართველო არის ევროპა და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება თავად საპარლამენტო სესიას, თალაკვაძის თქმით, კოლეგებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე რეფორმების თაობაზე.

„სესიაზე ვმონაწილეობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვაში, ასევე ამ დღეებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს შევხვდეთ, გავცვალოთ მათთან ინფორმაცია, მივაწოდოთ კიდევ მეტი ფაქტობრივი მონაცემი, როგორ მიდის საქართველოში რეფორმები დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა პოზიციები აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და პარლამენტარებს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით.

სტრასბურგს სასამართლოსთან, ასევე მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსია იქნება. ასევე, იქნება უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ბუნებრივია, იქნება სხვა მიმდინარე თემებიც, რომელიც მთელ ევროპას აწუხებს და საქართველოც ამ დღის წესრიგის ნაწილია. საერთო ჯამში, ყველა სესიაზე გვაქვს საქმიანი ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისთვის და მათი ინტერესიც, ბუნებრივია, არსებობს საქართველოს მიმართ, რომელიც დასავლეთის ყველაზე საიმედო პარტნიორია რეგიონში, მითუმეტეს, როდესაც ასეთი ვითარებაა რეგიონში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა

ორშ აპრ 24 , 2023
369 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5105 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7533 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 oლარი […]

შესაძლოა მოგეწონოთ