პოზიციაზე, რაზეც უგულავამ ისაუბრა, პარტიაში არ გვიმსჯელია – ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ პარტიების გაერთიანება გიგი უგულავას პოზიციაა, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან არა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ოპოზიციურმა კოალიციამ უნდა ჩაანაცვლოს, თუმცა, როდის ჩამოყალიბდება კოალიცია – ახალ პარლამენტში შესვლის შემდეგ თუ იქამდე, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„ეს არის ერთ- ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი, ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები და პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება ეს, პარლამენტში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ, ამას გვაჩვენებს, პოლიტიკური პროცესი, დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით ნაადრევია”, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც უგულავა აცხადებს, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს მოთხოვნა ექნება „ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს“ ისე, რომ იდენტობა არ დაკარგოს.
იპნ