პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით „მწვავე“ რეზოლუცია მიიღო.
მისივე თქმით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი რეზოლუციით მმართველ პარტიას პირდაპირ მოუწოდებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით შეწყვიტოს.
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ერთადერთი პოლიტიკური ოჯახია, რომელმაც უპირობოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთი წლის წინ მოითხოვა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კატასტროფულად ჩვენი ვითარება დაამძიმა.
ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) მხრიდან პირდაპირ და მკაფიოდ არის მოწოდებული, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. პირადადაც ვთქვათ, რომ დიახ, საბოტაჟს „ქართული ოცნება“ ახდენს. ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს კარი არ დაიხუროს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ რუსეთის ფლანგზე იზოლაციაში მოგვაქციოს და ეს ყველა ევროპელ პარტნიორს ძალიან მკაფიოდ ესმის და ამ საკითხს ძალიან მკაფიოდ ხედავენ, ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული განვითარების გზა არ შეწყდეს და ეს პერსპექტივა კვლავ საქართველოსთვის განმტკიცებული იყოს. ერთადერთი, რაც ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას უნარჩუნებს, ეს არის ჩვენი ხალხის დამოკიდებულება, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მკაფიო არჩევანია ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუციაში, რომელსაც ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) მხარი დაუჭირა. ALDE საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ „მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსული ავიაციის მიმართ. ფხიზლად იყოს პოტენციურ მცდელობებთან მიმართებით, რათა სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს.
ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა მმართველი პარტიის მისამართით, რომ შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით. შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიული გაღრმავებით. შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია. შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი“.