მამუკა ბახტაძე, შესაძლოა, “ოცნების” სიის პირველი ნომერი გახდეს

1,938 წაკითხვა

მამუკა ბახტაძე, შესაძლოა, “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს – მმართველი პარტიის ექსპრემიერი სწორედ ახლა ფიქრობს, ჩაუდგეს თუ არა სათავეში ბიძინა ივანიშვილის გუნდის 2020-ის წლის სიას.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ “ოცნების” ლიდერებისგან უკვე მიიღო შეთავაზება, გახდეს სიის პირველი ნომერი. დღეს, უმრავლესობაში არ საუბრობენ, რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ისევ ბახტაძე.

ექსპრემიერს პარტიის თავმჯდომარისთვის თანხმობა ჯერ არ უთქვამს. ამიტომ უმრავლესობაშიც კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ადასტურებენ.

“ოცნების” რიგით მეოთხე პრემიერი გასული წლის ორ სექტემბერს წავიდა. ჯერ საკმაოდ ვრცელი ფეისბუქ პოსტი დაწერა და მმართველ პარტიას ქვეყნის განვითარების მისეული ხედვა წარუდგინა, შემდეგ კი ჟურნალისტებს შეხვდა, თითქმის ორსაათიანი კითხვა-პასუხი 2020 წლის არჩევნებზე საუბრით დაასრულა.  ამის შემდეგ მამუკა ბახტაძე თითქმის ცხრა თვეა საჯაროდ აღარ აქტიურობს. “ოცნებასთან” საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია და მმართველი პარტიის პოლიტსაჭოს წევრად დარჩა.

თუ ბახტაძე “ოცნების” შეთავაზებას პრემიერობიდან წასვლის ზუსტად ერთი წლისთავზე დათანხმდება და პოლიტიკაში ოფიციალურად ყველაზე საპასუხიმგებლო მისიით დაბრუნდება, სიის პირველი ნომერი გახდება.

იქნება თუ არა “ოცნების” საარჩევნო სიაში მოქმედი პრემიერი, გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ ჯერ გუნდში პროპორციული სიის დაკომპლექტებაზე არ უმსჯელიათ. გახარიას, რომელსაც საკუთარი გუნდი არ ჰყავს, ამბობს, რომ როცა დრო მოვა სიის შედგების პროცესში თავის სიტყვას იტყვის. საბოლოოდ გადაწყვეტილებას კი ბიძინა ივანიშვილი მიღებს.

მმართველი პარტიის სიის ფორმირებაზე კომენტირებისას თავშეკავებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. ის პირდაპირ ამბობს, რომ როგორც ქალაქის მერს ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და მერის მანდატის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ვის დატოვებს და ვის არა 2020 წლის გადამწყევტ საარჩევნო სიაში  “ქართული ოცნების დეპუტატებიც” ელოდებიან და არ მალავენ, რომ მმართველი პარტიის სიით ბრძოლას, შემდეგ კი დეპუტატობას ისევ ისურვებდნენ.

პროპორციული საარჩევნო სიის დაწერისთვის “ოცნებას” ჯერ დრო აქვს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სიის ფორმირებაზე მუშაობენ, მაგრამ უფრო მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა ეჩქარებათ. კანონმდებლობის მიხედვით პარტიებმა პროპორციული და მაჟორიტარული სიები სექტემბრის დასაწყისში უნდა წარადგინონ.

მთავარი.ტვ

Next Post

“ცოლი მიმალავდა, რომ ფეხმძიმედ იყო” – ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ხუთ ივნ 11 , 2020
1,938 წაკითხვასიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ ეტაპზე ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მან მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, ცოლი „გაზრდილ მუცელს კი ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა“. მისივე თქმით, მეუღლემ მარტო იმშობიარა და ახალშობილი მას არ უნახავს. „მე […]

შესაძლოა მოგეწონოთ