გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი”– ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზე იყო აგებული. კერძოდ მასში საუბარია თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10000 ლარამდე) სთავაზობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ის პირები, რომელთა ინტერვიუებიც, ტელეკომპანია მთავარმა არხმა „შაბათის მთავარში“ გააშუქა.
მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი და მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილობა და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.
გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მათთვის თანხის შეთავაზებას, იმისათვის რომ მათ განეცხადებინათ, თითქოს მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად. აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ერთის მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
გამოძიება ინტენსიურად გრძელდება საბოტაჟის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი.”- ნათქვამია “სუს“-ის განცხადებაში.