პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდული მოძრაობა „რეფორმერი“ გამოჩნდა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს.
როგორც „2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, მოძრაობის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თორნიკე ჯანაშვილია.
როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, ჯანაშვილი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილის, ვაჟის, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია.
“პოლიტიკური მოძრაობა „რეფორმერის“ დამაარსებელი თორნიკე ჯანაშვილი უტას მეგობარია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის. მოძრაობა სულ ახლახანს ჩამოაყალიბა და მისი პრეზენტაცია დღეს შედგა“,-ამბობს სააგენტოსთან საუბრისას ინფორმირებული წყარო.
აღსანიშნავია, რომ მედიაში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უტა ივანიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ლობირებდნენ” თორნიკე ჯანაშვილის პოლიტიკაში შემოსვლას.
„2020NEWS“-ს დაინტერესდა თუ ვინ არის თორნიკე ჯანაშვილი და ვისთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური მოძრაობა.
სოციალურ სივრცეში იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე ჯანაშვილი საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად, ნამდვილად ქმნის პოლიტიკურ პლატფორმას.
ჯანაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში საუბრობს თავის გეგმებზე.
„ჩვენ თავს ვუყრით წარმატებულ, მოტივირებულ და პროფესიონალ ადამიანებს ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით, რომლებსაც რეფორმერის პლატფორმა მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს და საშუალებებს საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ექსპერტიზა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთვის. სადაც, გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, მოტივირებული, მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ქვეყნის მართვის თანამედროვე საჭიროებებს. აქ გავერთიანდით ათასობით ადამიანი, ახალ პოლიტიკურ პლათფორმაზე, რომელმაც უნდა შექმნას უკეთესი საქართველო, ჩვენ შევდივართ ბოლო ათწლეულების ყველაზე ცხელ საარჩევნო კამპანიაში, სადაც ჩვენ სრულიად ახალ პოლიტიკურ პროცესს ვქმნით, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას“,-ამბობს ვიდეო მიმართვაში თორნიკე ჯანაშვილი.
თორნიკე ჯანაშვილთან ერთად მოძრაობის ლიდერები არიან: ბიზნესის, მარკეტინგისა და პროექტების მართვის მენეჯერი ანი ჯაფარიძე.
უსაფრთხოების ექსპერტი, ჰიბრიდული ომის, კიბერ დაზღვევის სპეციალისტი ლაშა პატარაია. OSOMAR-ის წევრი გიორგი აბრამიშვილი.
სამშენებლო ბიზნეზსექტორის წარმომადგენელი დავით ჯანაშვილი. პროექტების მენეჯერი და ფინანსისტი მაია კუკავა.
მენეჯმენტის სპეციალისტი ბაჩო მიქელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი წევრი გიორგი ავაზაშვილი.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.
პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც.
კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.