აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. ეს განცხადება ტრამპმა ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ჩემი აზრით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ხილვა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ობამაზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, რის გამოც ობამამ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გაძევება მოინდომა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განმარტებით, ბევრი საკითხი, რასაც „დიდი რვიანის“ ქვეყნები განიხილავენ, რუსეთთან ერთად უნდა განხორციელდეს.
„თუკი ვინმე ამის გაკეთებას(რუსეთის დაბრუნებას) გადაწყვეტს, მე ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მექნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტი ობამას „ჭკუაში მოატყუა“, რის გამოც ობამამ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გაძევება მოინდომა.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, პუტინმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „არის „შვიდეული“ და რუსეთი მზად არის მასთან იმუშაოს.
„როგორ შემიძლია მე დავბრუნდე ორგანიზაციაში, რომელიც არ არსებობს. დღეს ეს „შვიდეულია“. რაც შეეხება რვა სახელმწიფოს მუშაობის ფორმატს, ჩვენ არასდროს არაფერზე უარს არ ვამბობთ. „დიდი რვიანის“ შეხვედრის ჩატარების რუსეთის რიგი როცა იყო, ჩვენი პარტნიორები არ ჩამოვიდნენ. კი ბატონო, ჩვენ ნებისმიერ დროს ველოდებით სტუმრებს უკვე „შვიდეულის“ შემადგენლობით“, -განაცხადა პუტინმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი „დიდი რვიანის“ ფორმატის დაბრუნება უკრაინაში კრიზისის მოგვარებას დაუკავშირა.
„ცხადია, რომ „დიდი რვიანის“ დაბრუნება, ასევე რუსეთის აბსოლუტურად ნორმალიზებული ურთიერთობების აღდგენა ევროკავშირთან უკრაინის საკითხის მოგვარებას გულისხმობს. ეს აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა მაკრონმა პუტინთან მოლაპარაკებების წინ.
შეგახსენებთ, რომ „დიდი რვიანის“ წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან რუსეთი სამიტში აღარ მონაწილეობს.