„გახარიასთვის სულერთია, ჩემი შვილი მკვდარი იქნება თუ ცოცხალი, ის გულკეთილი ადამიანი მეგონა”

2,984 წაკითხვა

თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ, – აღნიშნული სიტყვები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოლოდინი ჰქონდა, რომ მას გიორგი გახარია შეხვდებოდა.

„სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, ან პრესცენტრს დამაკავშირებდნენ, მაგრამ სრული იგნორია. თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია, ალბათ. გულგრილი ადამიანია ალბათ, მე უფრო გულკეთილი, თანამგრძნობი ადამიანი მეგონა და შევცდი, სამწუხაროდ“, – აცხადებს თამაზაშვილი.

კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, როცა ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, გაიჟღერა თუ არა ვერსიამ იმის შესახებ, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, 3 მაღალჩინოსანი ფიგურირებდეს, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ უწყებას თავად მოუყვა.

„ეს მე გავაჟღერე იქ და მითხრეს, ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევიაო, გამომძიებლის ოთახს ვინც ალაგებს, იმ დამლაგებელსაც აქვს ვერსიის ქონის უფლებაო და ამ დროს, მეორე დღეს დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაშინ, რაღატომ დაიბარეს, თუ ყველას აქვს ვერსიის ქონის უფლება? ამ ვერსიამ ჩემი ინტუიცია გაამყარა, თუმცა, მე ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და 3 აღმოჩნდა, ეს უკვე ჯგუფურ მკვლელობაზე მიანიშნებს. 3 მაღალჩინოსანი ადამიანი გაერთიანდა 40 კილო გოგონას წინააღმდეგ, რომელიც შემთხვევით რაღაცას წააწყდა“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იპნ

Next Post

პროკურატურა სასამართლოს ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

სამ აგვ 4 , 2020
2,984 წაკითხვასაქართველოს პროკურატურა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყება სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. ბუსა ჟვანიას ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს […]