„ნახეთ, რა რეიტინგი ჰქონდა ივანიშვილის ხროვას“ – მაია ნადირაძე

3,304 წაკითხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ამავე პარტიის სიით ყოფილი დეპუტატი, მაია ნადირაძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

„ორიოდ მოსაზრება IRI-ის კვლევაზე.  ჩემი ფრენდების უმეტესობა აღშფოთებულია ოპოზიციის დაბალი რეიტინგით. ხშირად მხვდება თვითგვემური შეფასებებიც. ის კი არა, რომ მე აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამ კვლევებში ბევრი საინტერესო დეტალიცაა, რაზეც ბოლოს დავწერ, ახლა კი რა მინდა გითხრათ ამ და ასეთ კვლევებზე:

როგორც ვხედავთ, ოპოზიციას აქვს 23 პროცენტი და ხელისუფლებას 37. თუ არ დაგეზარებათ ნახეთ, რამდენი ჰქონდა ნაც. მოძრაობას 2012-ის დაახლოებით იგივე პერიოდში და რამდენი ივანიშვილის ხროვას – 38% vs 19%. და ისიც ყველას გემახსოვრებათ, ვინ და როგორ მოიგო.

რაც კი რამ არჩევანი ყოფილა ამ ქვეყანაში, რაც მე მახსოვს და ყველაში ვმონაწილეობდი, სულ ასეა – ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტი დგას ნათელ მხარეს, ირჩევს პროგრესს და თავისუფლებას. საუკუნეებია, ასეთი ადამიანების ფასეულობებზე და რწმენის შეურყევლობაზეა ჩამოკიდებული ამ ქვეყნის გადარჩენის ისტორია. და ასევე სულ არსებობს მეორე, ასევე დაახლოებით 25 პროცენტი, რომელიც მუდამ ბნელეთის მხარესაა – დაწყებული თბილისას ამირათი და დამთავრებული სსრკ-ს, პუტინის, პუტჩის, პატარკაციშვილის, ივანიშვილის, გამყიდველობის და ათასი ოხრობის…

და რჩება 50%-იანი არმია მოყანყალეების. ესენი არიან: ა) გაუთვითცნობიერებელი, ყოფით დამძიმებული მიამიტი ადამიანები; ბ) ამბიციური სნობები და გ) განათლებული უხერხემლო შუაშისტები.

აი ამათი უმრავლესობა იქ აღმოჩნდება, რაც ტრენდული, მოდური და სნობებისთვის მისაღები იქნება; სადაც უმრავლესობა იქნება, იმას შეაფარებენ თავს, რომ არ გამჟღავნდეს მათივე უნიათობა… და ისიც არაა ახალი და განსაცვიფრებელი, რომ ეს კასტა, უკვე ფონს გასული, იმაზე მეტს იქადაგებს და იხეირებს, ვიდრე ის 25 პროცენტი, სულ რომ სადარაჯოზე დგას. და რაც მთავარია, ეს არ არის ქართული ფენომენი – ყველგან ასეა, ესაა საზოგადოების, სოციუმების არსებობის იმანენტური ბუნება და სხვაგვარად ვერ იქნება. თუ გგონიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააზრებულად, ლოგიკით და შინაგანი რწმენით ერთ აზრზე დადგება და შეცვლის ყველაფერს? და სამოთხე გვექნება? ამაზე ოცნებაც კი საზიანოა. მართლა! ეს აღვივებს პესიმიზმს, ამჟღავნებს ინფანტილიზმს და უაზრობად აქცევს იდეისთვის ბრძოლას. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც საარჩევნო კამპანიები, არც ლიდერი, არც პიარი და არც არაფერი. პირიქითაა ეს ამბავი – სწორედ ეს ჩამონათვალი წყვეტს, საით გადაიხრება ის მოყანყალე 50%…

ვისაც გგონიათ, რომ 2003 წლის შემოდგომაზე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რევოლუციისთვის ემზადებოდა, ძალიან ცდებით. ვიცნობ იმ ხალხს, “ზომიერ- წონიერ” პოლიტიკას რომ აწვებოდნენ და “სიბრძნეებთან” ერთად სალანძღავ ეპითეტებსაც არ იშურებდნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის გადამრჩენებლად გამოგვეცხადნენ. ისინი არასდროს ყოფილან იმ ნათელ 25 პროცენტში. მაშინ, 2003-ის 2 ნოემბრის არჩევნების წინ, მიშას ჰქონდა რეიტინგი 7-15% (უფრო ზუსტად თქმა ჭირს, ყოველ დღე იცვლებოდა), ჟვანია-ბურჯანაძეს დაახლოებით 30 და ამდენივე ხელისუფლებას. რაც მოხდა და როგორც, გახსოვთ ხო? ამიტომ, ჩემო ფრენდებო და ამ ქვეყნის გუშაგებო, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ, რას, როდის და როგორ მოიმოქმედებს.

ყველამ ვნახეთ, რომ არის ერთი უღირსი გზა – ტყუილის, გამყიდველობის და მოსყიდვის და ამასაც აქვს ხოლმე შედეგი იმ მოყანყალე ხალხზე. მაგრამ გამარჯვების გზა სხვა არის – გვინახავს, ვიცით და გვახსოვს – გულწრფელობა და უკომპრომისობა ისეთ ეფექტს ახდენს თვით ყველაზე უნიათო ადამიანების ნერვულ დაბოლოებებზე, რომ უნებურად და ქვეცნობიერად ეცვლებათ განწყობები და განზრახვები… და შედეგად ეს ხალხი იქ აღმოჩნდება, სადაც სწორი არჩევანი კეთდება.

პოლიტიკურ მეცნიერებებს ჯერ არ დაუფიქსირებიათ შემთხვევა, რომ პალიატიური გზავნილებით, თავზე ნაცრის დაყრით და უგვანთან ალიანსებით რაიმე რევოლუციური გარღვევა შედგა. თუ ვინმემ ასეთი რამ იცით, არ დამზარდეთ, მითხარით.

ჩემი ეს პოსტი არაა ოპტიმისტური. უფრო პირიქით. მე ვერავის ვხედავ ახლომახლოში ისეთს, ვინც რამე ისეთს დააგუგუნებს, რომ მიძინებულ, დაღლილ ხალხს გამოაფხიზლებს, მაგრამ…

მაგრამ სულ რჩება მოულოდნელობის, სასწაულების ალბათობა. ესეც არაა ზღაპრებიდან. ესეც რეალური რამაა. ამის მაგალითად ისევ იმ 2003-ს გავიხსენებ:
2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ენმ-ს და ბარიერვერგადალახული პარტიების მხარდამჭერები პერმანენტული გაპროტესტების რეჟიმში ვიყავით. არ ვცნობდით არჩევნების შედეგს და შესაბამისად, არც პარლამენტში შესვლას ვგეგმავდით – არა თუ დეპუტატის სტატუსით, არც “შევარდნას” გეგმავდა ვინმე (ჩვენი დასავლელი კეთილისმსურველებიც დაჟინებით ამას გვთხოვდნენ – მშვიდობიან დაუსრულებელ პროტესტს) და ასეც იქნებოდა, რომ არა ზოგიერთი „გამჭრიახი“ „ოპოზიციონერი“ პოლიტიკოსის გადაწყვეტილება, რომ მისულიყო იმ დღეს პარლამენტში, კვორუმი შეევსო და ეს გაყალბებული არჩევნები ლეგიტიმური გამხდარიყო. აი სწორედ ეს იყო, რამაც ბიძგი მისცა უსამართლობის და უსახურობის დამთავრების სურვილს.

ამ კონკრეტულ ამბავსაც თავისი სულის მბერავი ჰყავდა, თორემ ოპოზიციის მაშინდელი ლიდერშიპი ერთსულოვანი ამაშიც კი არ იყო. ხოდა, შევვარდით თუ შევედით, მერე ქვეყნად ვიქეცით. მოკლედ, რომ არა ის „გამჭრიახი“ ხალხი (იქამდე რომ დედას იფიცებდნენ, მაგას არ ვიზამთო), ეს ყველაფერი ერთობ გაწელილი და უპერსპექტივოც შეიძლება ყოფილიყო. ასეთი „წვრილმანებით“ შეცვლილი ისტორია და მეტამორფოზები თქვენც უნდა გახსოვდეთ, აგერ ახლახანს იყო : ჭაობში რომ “გიჟი” დაქროდა, მერე აღმშენებლობის შუქურად რომ იქცა, მერე “მეგალომანიაკად” რომ მოინათლა… ახლა ისევ რეფორმების მამააო… და ვინ იცის, კიდევ ვინ საიდან დაუბერავს (აღარაფერს ვიტყვი, რა შეიძლება მოხდეს სამეზობლოში ან ოკეანეს გაღმა).
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ნათელ მხარეს მდგომები არც დავცოტავებულვართ და არც ბნელები გამრავლებულან – სტატუს-კვო იგივეა, რაც ყოველთვის. და რაც მალე დავაღწევთ თავს სნობებთან კეკლუცს, მით მალე გავალთ ფონს.

ამავე კვლევებიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთი პარტიის ლიდერს 50%-ის მიდამოებში აქვს რეიტინგი და მის პარტიას 3-5%. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რამე გაყალბებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 50%-ს, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. იმას იტყვის, რაც ესმის და რასაც უყურებს. ბევრი ფიქრისთვის არ სცალია. ამიტომაა მედიის როლიც გადამწყვეტი – ძალიან პოზიციის მქონე რომ სნობიზმის გამო და ობიექტურობის სახელით ვინმე ცნობადი უგვანის ტირაჟირებითაა დაკავებული, ასეთ გაუგებარ შედეგს ვიღებთ.

და ბოლოს – ჟანრის კანონების შესაბამისად – კარგი ამბავი: ის რომ გახარიას (და კიდე ვიღაცეების) რეიტინგი ამდენად მაღალია ივანიშვილისაზე, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს მისდევს ფეხდაფეხ, კარგს არაფერს უქადის თვალთპაჭუნას და მის მრევლს.”– წერს მაია ნადირაძე.

Next Post

„შალიკოს საფიხვნოს მიერ მიღებული დეკლარაცია დიდი ტრუილით იწყება“ - ზაალ ანჯაფარიძე

ოთხ აგვ 19 , 2020
3,304 წაკითხვაანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: „ორიოდე სიტყვა შალიკოს საფიხვნოს ოპოზიციის მიერ დღეს მიღებულ ე.წ. ერთობლივ დეკლარაციაზე დეკლარაციის პირველივე წინადადება იწყება დიდი ტყუილით – „საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია.“ რომელია იქ „დემოკრატი“? ნაცმოძრაობა, ევრონაცები, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, გუბაზი, ბაჩუკი თუ სხვები? რაც მთავარია, დეკლარანტი პარტიები არ ამბობენ მთავარს, რომ ისინი აღიარებენ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი“. ცნობისთვის, […]