პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება

255 წაკითხვა

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 11 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს.

პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:

  1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე “საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
  2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  3. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნები მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

პროექტის მიხედვით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

Next Post

გია ვოლსკი - რასაც დევიდ ლი აცხადებს, პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია - რა ჩანაწერიც არ უნდა ჰქონდეს კარლ ჰარცელს, იგი ამას არ წარმოადგენს

ორშ ნოე 14 , 2022
255 წაკითხვაკორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის „აღებ-მიცემობაში“. პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია, რასაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ და ამ კორუფციაში კარლ ჰარცელის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება მის მიერვე დადასტურებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დევიდ ლის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კარლ ჰარცელმა მასთან საუბრის ჩანაწერი გააკეთა. მისივე თქმით, დევიდ ლის განცხადებები სიმართლეა და მათ იქამდე […]

შესაძლოა მოგეწონოთ