ორი აზრი არაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა რეაგირებდეს – უნდა მოვითხოვოთ შესაბამისი რეზოლუციების მიღება, იმპერიის დიდი დანაშაულის ისტორია უნდა იკერებოდეს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საინტერესო და საყურადღებოა აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების განწყობა რუსეთთან დაკავშირებით და იმ საფრთხეებზე, რასაც აფხაზეთის რუსეთში მთლიანად ინტეგრაცია ჰქვია.
„აფხაზეთი დიდი ხანია ანექსირებულია. ფაქტობრივად, რუსეთის საკუთრებაშია მთლიანად, შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს ფაქტი პოლიტიკურად იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც საინტერესოა აფხაზეთში მიმდინარე პროცესის თვალსაზრისით – როგორია საზოგადოების განწყობა, რას ფიქრობენ ისინი რუსეთზე, იმ საფრთხეებზე, რასაც ჰქვია აფხაზეთის რუსეთში მთლიანად ინტეგრაცია. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო პროცესი მიდის და ეს არის ყურადღება მისაქცევი. ის რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა რეაგირებდეს ყველა ამ ფაქტზე, ორი აზრი არ არის. აბსოლუტურად წარმოუდგენელი კომენტარები მოვისმინე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „რა აზრი აქვს რაღაცის ლაპარაკს, ამით მაინც არაფერი შეიცვლება“,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.