„საქართველოში მართლმსაჯულება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს“ – შორენა კოწოწაშვილი

351 წაკითხვა

„მედიაპრესის“ კითხვებს ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი პასუხობს:

ოპოზიცია აქტიურად საუბრობს სასამართლოს რეფორმაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსახორციელებელ ცვლილებებზე. თუმცა, ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები არ არსებობს და ამას სტრასბურგის სტატისტიკაც ადასტურებს. რადგან მუდმივად სამართლებრივ თემებზე მუშაობდით და კარგად იცნობთ პრობლემებსაც, რას იტყვით სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე?

– დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რათა სასამართლოსადმი ანუ ხელისუფლების მესამე შტოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი იყოს მაღალი. ამას, პირველ რიგში, თავად მოსამართლეები უნდა უზრუნველყოფდნენ, წინაპირობას კი ხელისუფლება უნდა ქმნიდეს. დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია – ევროინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რაც თავისთავად გულისხმობს მოსამართლის კეთილსინდისიერებასაც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსადმი ნდობა სათანადო ვერ იქნება. ყოველთვის იდგება მიკერძიებული და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების პრობლემა და სისტემაში ე.წ. კლანურ მმართველობაზე აპელირება. მოსამართლეთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება, ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა. შეიცვლის თუ არა ხელისუფლება რიტორიკას ამ საკითხთან დაკავშირებით, მალე გამოჩნდება. მანამდე კი პრემიერიც და საპარლამენტო უმრავლესობაც ფიქრობენ, რომ ქვეყნის გარედან არ უნდა მოხდეს სასამართლო სისტემაში ჩარევა; და რომ მიუღებელია იგივე უვადოდ გამწესებული მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე საუბარი.

სასამართლო რეფორმის არაერთი ტალღა ჩატარდა, თუმცა მაინც ვერ მოხერხდა სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ამის მიზეზი მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებია?

რა თქმა უნდა, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემაც არაერთხელ გამოიკვეთა. როცა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს საზოგადოებამ ხელისუფლების ცვლილების და სამართლინობის მოთხოვნით მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორება შეძლო, ასიათასობით ადამიანი ყველა იმ მაღალჩინოსნის, მათ შორის მოსამართლის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ელოდა, რომელთა დანაშაულებრივი თუ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, უდანაშაულო ადამიანები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქუჩაში დახვრეტებსა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე, რასაც თავის მხრივ, სასამართლო „აპრავებდა“. საზოგადოების ნაწილი დღესაც სამართლიანობის აღგენის მოლოდინშია. „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა რა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, რასაც არავინ ელოდა, ფაქტია, გვიანია იმაზე საუბარი, რამდენად კეთილსინდისიერია მოსამართლეთა კორპუსი. უბრალოდ, დღეს სხვა პილიტიკური რეალობაა – ხელისუფლების დაკვეთა არ არის ნოტარიუსად ქცეული სასამართლო. თუმცა, როცა მურისიძე და ჩინძალაძე ისევ სასამართლო ხელისუფლების სახეა, ქართული სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე საუბარი ძნელია. ამასთან, არსებობს ობიექტური რეალობაც – მინიმუმამდე დავიდა სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი საჩივრების რაოდებობა და არაერთი გამამართლებელი განაჩენიც დადგა ბოლო წლების მანძილზე. სტატისტიკა ადასტურებს, რომ დღვანდელი სასამართლოს შედარება სააკაშვილის ხელისუფლების ჯიბის სასამართლოსთან, არც კი შეიძლება.

 „ვეტინგი“ ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გადაარჩენს ქართულ მართლმსაჯულებას? არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ სასამართლო „კლანის“ წევრთა გადაწყვეტილებები სამართლისა და ობიექტურობის ნორმებს სცილდება. 

გეთანხმებით, სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები იყო და დღესაც არის. პრობლემა ვერ აღმოფხვრა მილიონობით ლარით დაფინანსებულმა სასამართლო რეფორმის არაერთმა ტალღამ. ყველა ხელისუფლების ინტერესებში იყო და არის (მომავალშიც ასე იქნება) სასამართლოზე გავლენა. სასამართლოს გაჯანსაღებას ვერ უშველა თუნდაც შევარდნაძის დროს „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ საჯაროდ მოსამართლეთა ფიტულების და კუბოების დაწვამ; ვერც გამოცდების გზით სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებამ და ვერც უვადოდ მოსამართლეთა გამწესებამ. ეს საკითხი, საერთოდ, ბევრ კითხვას ბადებდა, ისევე როგორც კეთილსინდისიერების თემა. ყველას გვახსოვს, ნინო გვენეტაძის დროს სასამართლოდან საგამოცდო ტესტების გამოჟონვის სკანდალიც. დღეს ითხოვენ უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას და აქ ვაწყდებით პრობლემას, რომელიც კონსტიტიციასთან დაკავშირებით წარმოიშობა. უვადოდ დანიშნული მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება კონსტიტუციურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის და თან, ეს რეკომენდაციაა და არა აუცილებლად შესასრულებელი ფაქტორი. „ვეტინგი“ ქართულ სასამართლოში ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ვერ განხორციელდება. კეთილსინდისიერების თემა დანიშვნების დროს უნდა გადაწყვეტილიყო. გასაგებია, ევროპული სტრუქტურების ინტერესები და „გავლენის აგენტების“ მონდომება, მაგრამ, როცა სასამართლოს კონტროლის ინტერესები ქვეყნის გარედან წყდება და ვხედავთ აქ ვინ აქტიურობს ამ თემით, უკვე კითხვები აღარ არსებობს. ინტერესი გასაგებია – სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა. თუმცა, ზემოაღნიშნული იმას არ გამორიცხავს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას პრობლემები არ აქვს და რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სასამართლო ხელისუფლებისადმი სამართლიანი პრეტენზიები არ არსებობს. თუმცა, აღმაშფოთებელია იმ ე.წ. არასამთავრობოების პრეტენზიები ობიექტურ მართლმსაჯულებაზე, რომლებიც იმ დროს დუმდნენ, როცა ქუჩაში ხალხს ხვრეტდნენ, ციხეებში პატიმრებს ცხრილავდნენ, შს მინისტრი მერაბიშვილი „ორ გვამს“ ითხოვდა; როცა სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იგივე არასრულწლოვნებს მაქსიმალური სასჯელებით ციხეებში ამწესებდნენ ალუმინის ქვაბების ქურდობისთვის. თიანეთის ფაქტიც გვახსოვს, ორი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის 10 წლიანი განაჩენი რომ დადგა. სად იყოს კეთილსინდისიერება, როცა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხეში მეფურად ცხოვრობდნენ და შემდგომ შეიწყალეს?!.  რატომ დუმდნენ თავის დროზე ლიბერალების მიერ მხარდაჭერილი ნინო ლომჯარია და ღირსების ორდენოსანი ბაბუცა პატარაია, როცა სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა, ყურს იყრუებდა უმძიმეს ფაქტებზე და სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილისთვის სასურველი განაჩენებს აკანონებდა?! რატომ თვლემდა მაშინ თემიდა და სად იყვნენ ეს ე.წ. უფლებადამცველები და მაღალი კლასის იურისტები? ჩვენ კი ვიცით, ვინ როდის სად იყო და მუდმივად რას ემსახურებოდნენ.

კონკრეტულად რას გულისხმობთ სასამართლოში დღეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით?

იმას, რაც ზედაპირზეა: ორმაგი სტანდარტი. წლობით ჭიანურდება სასამართლო პროცესები. არის შემთხვევები, როცა საჩივრის შეტანიდან 3 და 4 წლის შემდგომ იწყებს მოსამართლე საქმის განხილვას. არადა, კანონით არის განსაზღვრული საქმის განხილვის ვადები. სასამართლოში არის კადრების პრობლემა. როგორც ითქვა, მოსამართლის ასამდე ვაკანსიაა. საჯარო ინფორმაციის მიწოდების კუთხითაც ისმის პრეტენზიები. გასაგებია, რომ გამამართლებელი განაჩენებიც დგება და ობიექტურიც, თუმცა, ეს იმ ვითარებას არ ცვლის, რომ დღემდე უმძიმესად აღიქმება იმ დისკრედიტებული და პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი მოსამართლეების სასამართლო ხელისუფლებაში დატოვება-დაწინაურება, რომლებიც სტრასბურგის გადაწყვეტილებებიდან და იმ საჩივრებიდან გამომდინარე, რაც ასობით იყო ადვოკატების მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეტანილი, ობიექტურად ექვემდებარებოდნენ სისტემიდან გაშვებას. სამწუხაროდ, ამ დასაბუთებულ საჩივრებზე რეაგირება, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, არც თავად საჩივრების ავტორ ადვოკატებს მოუკითხავთ და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეაგირება ახსოვს საზოგადოებას, ამათუ იმ უკანონო განაჩენის გამომთან მოსამართლესთან მიმართებაში. სასამართლო სისტემა რეფორმას საჭიროებს, თუმცა არა „ვეტინგს“, არამედ მაღალკვალიფიციური და აპოლიტიკური კადრებით დაკომპლექტებას. არცერთი მოსამართლის კეთილსინდისიერება არ უნდა იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამასთან, საბოლოოდ უნდა დასრულდეს კლანურ მმართველობაზე საუბარი თუ გვინდა, რომ სასამართლოსადმი ნდობა ამაღლდეს და ამას კი სისტემაში ობიექტური ცვლილებები განაპირობებს. ეს როდის მიიღწევა, რთული სათქმელია.

გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებას მოუწიოს დათმობაზე წასვლა? ფაქტია, „ვეტინგის“ თემა, რაც ევროკავშირის ცხრა მოთხოვნებს შორისაა, რამდენიმე არასამთავრობომ გააქტიურა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, მით უფრო წინასაარჩევნოდ?

ეს ე.წ. არასამთავრობოები ანუ გავლენის აგენტები რას, რისთვის ითხოვენ, გასაგებია. მათი მიზნები და ინტერესები, ნათელია. მაგრამ საქართველოში მართლმსაჯულება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს, არც გარედან დაფინანსებულთა მხრიდან. ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს სასამართლოს მაღალი სტანდარტი, რაც ქვეყნისადმი ნდობას გაზრდის, რაც თავის მხრივ, იგივე ინვესტიციებში აისახება. ვფიქრობ, სასამართლო აღარ უნდა მოხვდეს იმ ადამიანთან გავლენის ქვეშ, ვინც სააკაშვილის რეჟიმთან ასოცირდება.

Next Post

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენს

ოთხ მარ 20 , 2024
351 წაკითხვაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოდის. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.