ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

1,015 წაკითხვა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს – ამის შესახებ, ინფორმაცია მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, 10 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიას ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების დარღვევას, რომლის განმეორების შემთხვევაშიც შესაძლოა მის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნეს გამოყენებული.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ორ სხვადასხვა გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც თავად განაცხადა გადაცემაში სტუმრობის შესახებ, მისმა უფლებადამცველმა წინასწარ აცნობეს პროკურატურას, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან უარი მიიღო.

მთავარი პროკურატურის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან.
გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“

Next Post

რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

პარ სექ 13 , 2019
1,015 წაკითხვარუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ლ.კ. მომხდარიდან მალევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო […]