ნუ კივით! უვიცობაა, როცა ვეღარ გავიგეთ, რომელი პარტიიდან რომელში დახტიხართ. მე არ ვაპირებ ვიმეცადინო თემაზე: რომელი პარტიიდან და კოალიციიდან რომელში დახტიხართ,- ასე მიმართა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერს, დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.
თაკო ჩარკვიანი და თეა წულუკიანი ერთმანეთს სიტყვიერად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კულტურის მინისტრმა დეპუტატს მიუთითა, რომ ის ისეთი ადამიანის პარტიასთან არის კოალიციაში, რომელიც „მწერალთა კავშირში სპეცრაზმით შეიჭრა”.
„აი, ასეთი კაცის პარტიაში ხართ, რომელიც სპეცრაზმით შეიჭრა მწერალთა კავშირში… ნუ კივით, ნერვებს მოუფრთხილდით, გამოგადგებათ. პარტია „კანონი და სამართალი“ ხართ კოალიციაში, მგონი, აღმაშენებელთან. აღარ ხართ? კარგით, ანუ ვერ გავიგეთ სად ხართ! ნუ კივით, უვიცობაა, როცა ვეღარ გავიგეთ, რომელი პარტიიდან რომელში დახტიხართ. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც თქვენ, უბრალოდ თქვენ მოგწონთ მხოლოდ თქვენი გამოხატული აზრი და არ მოგწონთ სხვის მიერ გამოხატული აზრი. პოლიტიკაში რომ შემოხვედით, ცოტა ჯავშანიც იყიდეთ ჩაიცვით და ასე ნერვებზე ვერ იჯდებით, ბევრი წელი გაქვთ წინ ჯანმრთელად და ბედნიერად.
მე არ ვაპირებ ვიმეცადინო თემაზე: რომელი პარტიიდან და კოალიციიდან რომელში დახტიხართ. ოპოზიციაში უფრო მეტი ნერვებია საჭირო, ვიდრე ხელისუფლებაში, ამას ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, ამიტომ დაზოგეთ თავი და ნერვები და თუ დაიღალეთ, მე თქვენ მოგეცით რეცეპტი, წაბრძანდით და წამოკოტრიალდით ლეიბზე, მე არსად არ მეჩქარება,“- მიმართა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს.