435 წაკითხვა
ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:
რა მოგილოცოთ?
მეცოდება საქართველო, მეცოდება ჩემი ხალხი, რომელიც ამ დღეს ზეიმობს იმას, რაც არა აქვს. საქართველოს 1918 წლის 26 მაისს ისევე არ მოუპოვებია დამოუკიდებლობა, როგორც არ მოუპოვებია იგი 1991 წლის 9 აპრილს. პირველიც და მეორეც, არა საერთოდ დამოუკიდებლობის, არამედ, მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო, რასაც შედეგად, რეალური თავისუფლების ნაცვლად, ქვეყნის დასავლეთისთვის ჩაბარება მოჰქონდა.
ამ დღეს ქართველები კი არა, ამერიკელები ზეიმობენ (გვაზეიმებენ). საქართველოს ხელისუფლებამ ამ დღის აღნიშვნაზე უარი რომ თქვას, ამერიკის ელჩი ყურებს დააგლეჯს, იმიტომ, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კი არ არის, რუსეთზე დასავლეთის რევანშის დღეა. საქართველოში 26 მაისის აღნიშვნა მხოლოდ და მხოლოდ იმის აღნიშვნა და ხაზგასმაა, რომ საქართველო რუსულ ორბიტას მოწყდა და დასავლეთის კოლონიად იქცა.
რეალობა ასეთია: საქართველოს აქვს დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ არა აქვს დამოუკიდებლობა.
დიდი სიამოვნებით მოგილოცავდით, მაგრამ როგორ მოგილოცოთ ის, რაც რეალობა კი არ არის, დიდი ისტორიული სიყალბეა?!