ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე და განაცხადა, რომ „ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ“ საუბრობენ აღნიშნულზე.
“ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.
საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, სანამ რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.