პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა

357 წაკითხვა

საქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს – ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. 

ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც  მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.  

ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც  მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”- განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

მეგი ბაქრაძის კომენტარი ვაქცინაციის შემდეგ: (არქივი)

Next Post

რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან? - ხმაურიანი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პრეზიდენტის პასუხი (ვიდეო)

ოთხ დეკ 28 , 2022
357 წაკითხვა“არ შეიწყალო კრიმინალი”- ამ მოწოდებით გაიმართა საპროტესტო აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან. მონაწილეები მოუწოდებენ მას, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. აქციის მონაწილეებთან გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც მათ უთხრა, რომ ჭორებზე დაყრდნობით, თითქოს ის მიხეილ სააკაშვილს იწყალებდა, ეს ადამიანები მივარდნენ მასთან. სალომე ზურაბიშვილის მიერ, სიტყვა “მივარდნის წარმოთქმამ პროტესტის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც პრეზიდენტმა შეხვედრა დატოვა და კვლავ რეზიდენციაში შევიდა, მოგვიანებით […]