უკრაინის საგარეო უწყება – მოსკოვში გამართულ აღლუმში რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობა ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია

243 წაკითხვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს.

„აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა 78 წლის წინ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში და „ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა ყალბ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ნაციზმზე გამარჯვებასთან“.

მოსკოვში, „წითელ მოედანზე“ „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აღლუმში 8 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. რუსეთის ლიდერებისა და ოფიციალური პირების გარდა, აღლუმს ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

Next Post

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ღირებულებები, რადგან მას ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის

სამ მაი 9 , 2023
243 წაკითხვაევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია. „ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ […]