„ეს ცრუპატრიოტები ორად იყოფიან: ერთნი ხელისუფლებაში არიან, მეორენი – ოპოზიციაში“

1,587 წაკითხვა

მგელთა და აფთართა მოტივაცია
ანუ პატრიოტობამ დაგვღუპა!

– რაო, – უკვე ყვირის და ხელებს ფართოდ შლის ვიღაცა.
– სამშობლოს სიყვარულმა კი არა, სამშობლოს სიძულვილმა დაგვღუპა! – პირზე დუჟმომდგარი მაჩერებს მეორე.
– ჰა… ჰა… ჰა… – იცინის მესამე, – შენ თუ არ გიყვარს, ჩვენ გვაცალე და შეგვარგე სამშობლოს სიყვარული, რას დაგვჩხავი ყვავივით?!

ოცდაათი წელიწადია, რაც სამშობლოს წრეგადასული სიყვარულის მოწმეა რუსთაველის პროსპექტი. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდან დღემდე რამდენი პატრიოტული ყვირილი და გულში მჯიღის ცემა გვაქვს ნანახი და მოსმენილი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ქართველებისა, მაგრამ, ამით, საქართველოს არა ეშველა რა…

სამუელ ჯონსონმა ჯერ კიდევ განმანათლებლობის ეპოქაში თქვა, – პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარიაო. ამით ის კი არ თქვა, პატრიოტიზმია ცუდიო, არამედ ის, რომ ნაძირლობაა ცუდიო, პატრიოტიზმით სპეკულაცია და ცრუპატრიოტიზმის აღზევებაა ცუდიო, ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში, ნაძირალები სამშობლოს სიყვარულის დროშას ნამდვილ პატრიოტებს ხელიდან სტაცებენ და თვითონ აფრიალებენო, ვიგინდარათა პატრიოტიზმი კი სიკეთეს ვერ მოიტანსო.

ოცდაათი წელიწადია, რაც რუსთაველზე პატრიოტული დროშების ფრიალს ვუყურებთ და სამშობლოს სიყვარულზე ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი გვესმის, მაგრამ საქართველოს საქმე უკან და უკან მიდის.
რატომ?
იმიტომ ხომ არა, რომ ამ ოცდაათი წლის მანძილზე იქ პატრიოტები კი არა, ცრუპატრიოტები დგანან, რის გამოც ერთმანეთში აირია ცუდი და კარგი, მართალი და მტყუანი, ზნეობრივი და უზნეო, კაცი და არაკაცი, ქალი და არაქალი…
მათ პატრიოტიზმის დროშა ხელში ჩაიგდეს და საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც სამშობლო ნამდვილად უყვარს, მაგრამ ეგ სიყვარული ჯერ კიდევ არ გაუხდია ხელობად, ზემოდან უყურებენ და წინამძღოლებად ევლინებიან.
ეს ცრუპატრიოტები ორად იყოფიან: ერთნი ხელისუფლებაში არიან, მეორენი – ოპოზიციაში. მათ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში, მუდმივად გვესმის პატრიოტული თემები და მოტივები, მაგრამ ახლა მაინც ხომ ვიცით, რომ მათ დაუნდობელსა და ძალიან ხშირად სისხლიან დაპირისპირებას, ერთი მხრიდან, ხელისუფლების მიტაცების დაუოკებელი სურვილი თუ განაპირობებს, მეორე მხრიდან, ხელისუფლების დაკარგვის პანიკური შიში განსაზღვრავს და არა – სამშობლო, ხალხი, მომავალი თაობა და სხვა მაღალი მატერიები.

ახლა მაინც ხომ ვიცით, რომ მათ არასოდეს გააჩნიათ პრინციპები. ისინი დღეს თუ ერთად არიან, ხვალ ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ დღეს თუ დაპირისპირებულნი არიან, ხვალ კვლავ ერთმანეთის გვერდით დგებიან, იმის მიხედვით თუ რისგან რა სარგებელს ელიან, ანუ მათი ქცევის მოტივაცია მგელთა და აფთართა ქცევის მოტივაციას ემსგავსება და უტოლდება.

ამიტომაა, რომ ხალხი მასობრივად აღარ გამოდის ქუჩაში და აღარც ის აინტერესებს სამართლიანია თუ უსამართლო ვიღაცათა მიერ ვიღაცათა დარბევის ეს გამუდმებული და გაუთავებელი ბალ-მასკარადები, რადგან ვერც დამრბევებსა და ვერც დარბეულებში მისიანსა და მოკეთეს ვერ ხედავს, პირიქით, იმ მტრად და მომხვდურად მიიჩნევს, რომელმაც გაძარცვა, ცხოვრება დაუნგრია და სამშობლო აუოხრა…

ბინძურ ეპოქას მოყოლილმა ამ არამზადებმა თავიანთი პატრიოტული წარამარაობით სამშობლოს სიყვარულს ფერი გააცალეს, ელვარება დაუკარგეს, გააჭუჭყიანეს, გაცვითეს და იმ მოსაყირჭებელ ტრაფარეტად აქციეს, პატიოსან ადამიანებს წარმოთქმა რომ ეხამუშებათ… – ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდებაო, – ამბობდა გურამ დოჩანაშვილი.
– სიყვარულსა მალვა უნდაო, – ჯერ კიდევ როდის გვასწავლიდა შოთა.

ხელისუფლებისკენ ლტოლვა არ არის პატრიოტიზმის საზომი, ხელისუფლებისკენ ბინძური ლტოლვა მით უფრო ვერ იქნება სამშობლოს სიყვარულის გამომხატველი. პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს, მაგრამ გააჩნია – რა მიზნით, რა ფორმით და რის ფასად! ჩვენთან, სამწუხაროდ, გონიერი და ზნეობრივი ნაწილი საზოგადოებისა იმთავითვე განდევნეს პოლიტიკური სივრციდან, თუნდაც იმით, რომ ეს ნაწილი უცენზურობისთვის, ხელჩართული ჩხუბისთვის და ძალადობისთვის არ არის მზად, პოლიტიკა კი სწორედ ამგვარ ქმედებათა არენად აქციეს. იქ, სადაც გონება, გამოცდილება და სიბრძნეა საჭირო, საზოგადოების იმ ნაწილს უხმეს, რომელსაც არც ერთი გააჩნია, არც მეორე და არც მესამე. სამაგიეროდ, მათ არსენალში უმეცრების, თავხედობისა და ძალადობის ამოუწურავი მარაგია. ამგვარი არსენალით კი არსად, არასოდეს, არავითარი საქმე არ გაკეთებულა და არც გაკეთდება, გაფუჭებით კი ბევრი გაფუჭებულა და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაფუჭდება.

ამიტომ გამოვიტანე სათაურში, პატრიოტობამ დაგვღუპა-მეთქი.
ეს ნათქვამი ასე იშიფრება:
სამშობლოს სიყვარული სათუთი და ფაქიზი გრძნობაა. ეს ისეთი საოცარი რამ არის, რეგვნებსაც და ვიგინდარებსაც რომ შეიძლება გააჩნდეთ, მაგრამ, ამ საქმეში მათი წინ დაყენება (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში) მიზანშეუწონელია, მიუღებელია და დამღუპველია. ჩვენ კი ეს სფერო საზოგადოებრივი ცხოვრებისა მათ დავუთმეთ და შედეგმაც არ დააყოვნა: რეგვენთა და ვიგინდარათა პატრიოტობამ დაგვღუპა!

ვალერი კვარაცხელია

Next Post

„მაინც გავანგრევთ ივანას და მის ბანდას!“ - მიხეილ სააკაშვილი

სამ ნოე 19 , 2019
1,587 წაკითხვაგიორგი რურუაზე ივანიშვილმა ეგრევე გასცა დაპატიმრების ბრძანება მას შემდეგ,რაც ის “მთავარი არხის” აქციონერი გახდა. მაშინ ვერაფერი მოიფიქრეს და გუშინ დაიჭირეს იარაღის ჩადებით. ძალიან მაგარი კაცია გიორგი და საქართველოს დიდი პატრიოტი. მაინც გავანგრევთ ივანას და მის ბანდას! მიხეილ სააკაშვილი