„ეს მონათხრობი გამახსენა, როდესაც მარინა ეზუგბაიას ბოლო კომენტარი მოვისმინე“ – გოჩა მირცხულავა

7,067 წაკითხვა

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა. მეგობარს დავურეკე, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ, თან საკმაოდ ცნობილი პედიატრია. ძალიან აჟიტირებულმა მიპასუხა ყველაფერზე – „კარგად, კარგად, კარგად…“ და ხვალ გნახავო დამპირდა. მეორე დღეს მოვიდა – ყავა შემიკვეთა.
ვეკითხები: – რა გჭირს, რა ხდება?
– ხომ იცი, ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში ბავშვი არ დამღუპვია. უმძიმესი პაციენტი შემომიყვანეს, ორმხრივი პნევმონიითი, მაღალი სიცხით, თანმხლები დაავადებებით. ორი ღამე გავუთენე, სახლში არ წავსულვარ. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ცხადი იყო, რომ ტრადიციული მკურნალობის მეთოდი არ გამომადგებოდა. ფიქრის დროც კი არ მქონდა. გადაწყვეტილება მივიღე. მივედი ბავშვის საწოლთან და უფალს ვთხოვე: – ლამის 40 წელია წელგამართული მოვდივარ, ნუ დამინგრევ საკუთარი თავის რწმენას, აჩუქე ამ ბავშვის სიცოცხლე მის მშობლებს და მაჩუქე მე… რეანიმაციის ექთანს დავუძახე და კონკრეტული მედიკამენტები მოვითხოვე. შენს ენაზე რომ გითხრა, ცხენის დოზა ინექცია შევუყვანე ვენაში ჩემი ხელით და დავჯექი. ბავშვის ხელი ხელში მეკავა. არ ვიცი რა ხდებოდა ამ დროს ირგვლივ. ვინ შემოდიოდა და გადიოდა. ვიჯექი ასე გაშტერეული. მის სიცოცხლეს ვეხვეწებოდი ყველას – დედაჩემიდან დაწყებული… მოკლედ, ვიფიქრე, რომ თუ ამ ბავშვს გადავარჩენდი, აქტიურ საექიმო პრაქტიკასაც დავასრულებდი. არც ის ვიცი რამდენი დრო გავიდა, მერე მითხრეს, რომ სადღაც 40 წუთი, ალბათ ერთი საათი. და ბავშვმა ხელი ხელზე მომიჭირა. რამოდენიმე საათში ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღსდგა. საღამოს ბავშვი რეანომობილით ქუთაისში გადავაყვანინე, – მიყვებოდა ამას და ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ პერიოდულად ყელში ბურთები ეჩხირებოდა.
– კი მაგრამ, მაშინვე რატომ არ გაუშვი ქუთაისში?, – ვკითხე მე.
– მაგაზე დიდი უზნეობა არ არსებობს, როდესაც ხედავ პაციოენტი ურთულეს მდგომარეობაშია, იცი ვერც კი ჩააღწევს ქუთაისამდე თუ თბილისამდე და თავიდან მოიშორებ. შენ რომ დამირეკე გუშინ, ზუსტად მაშინ ვესაუბრე ქუთაისში ბავშვის მკურნალ ექიმს და მითხრა, რომ ბავშვი კარგად იყო და ორ დღეში გაწერდნენ. გაოცებული იყო, როგორ წახვედით ასეთ რისკზეო. იცი, რაღაცამ შემაძლებინა, დიდება უფალს. – მომიგო მან.
– მორჩი ერთი, უფალი რა შუაშია ახლა. კონკრეტული გადაწყვეტილება ხომ შენ მიიღე? – ვუთხარი მე.
– შეიძლება არც არაფერში, მაგრამ ასეთ დროს ექიმს განსაკუთრებით სჭირდება რაღაცის რწმენა. ანუ იმის განცდა, რომ მხოლოდ ის და მისი ცოდნა და გამოცდილება კი არა, არამედ რაღაც სხვა, უფრო დიდი და აღმატებული ჰყავს მოკავშირედ. ვინ იყო იმ წამს ჩემი მოკავშირე – ღმერთი, დედა, თუ ნებისმიერი სხვა, ვისაც ბავშვის გადარჩენაში თანადგომას ვთხოვდი არ ვიცი. მაგრამ ყველა ისინი ჩემს ცოდნაზე მაღლა იდგა ჩემსავე წარმოსახვაში. სხვათა შორის ეს ერთგვარი დეჟავიუ იყო, ადრეც მომივიდა ასე ორჯერ. იცი, ხშირად არა, მაგრამ კრიზისულ ვითარებაში ექიმების უმეტესობას აქვს ასეთი განცდა. სხვაგვარად ირაციონალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და არც შენს ავტორიტეტს, კარიერას შეაგდებ საწორზე. დამიჯერე ასეა…, – მომიგო მან და ქუთაისში დარეკა.
Paata Kurdovanidze -ს ეს მონათხრობი გამახსენა, როდესაც ქალბატონ მარინა ეზუგბაიას ბოლო კომენტარი მოვისმინე. ახლა, ჩვენს ექიმებს სჭირდებათ „რაღაც სხვა“, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ, ბნელ ოთახში, ხელით ფათურით უწევთ უძვირფასესი ლარნაკების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადგმა დაუზიანებლად. უაზრო აქცენტებისა და ქილიკის დრო არ არის. ისინი პირველ რიგში საკუთარ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს ეყრდნობიან. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ ყველაფერში არც ერთი ჩვენგანი მათი მოკავშირე არ არის. პირიქით, საკმარისია ერთი შეცდომა და არ დავინდობთ, სვავებივით დავკორტნით. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ირაციონალური, ამიტომ სჭირდებათ მოკავშირე და ამას რას დაარქმევენ – რწმენას, ღმერთს თუ სხვა რამეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მათ სწამდეთ, რომ მარტო არ არიან და ჰყავთ ვიღაც, ან რაღაც, რაც მათ არ უღალატებს. სჭირდებათ უფრო მეტი, ვიდრე აკადემიური ცოდნა და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ნუ წავამრთმევთ მათ ამ უფლებას, ჰყავდეთ უღალატო მოკავშირე საკუთარი შეხედულების მიხედვით.
P.S. არ არის ახლა პროვოკაციული შეკითხვების დრო. არც მათ უნდა უპასუხონ იმ კითხვებზე, რაც მათსავე რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. არ არის ეს საჯარო მსჯელობა- განხილვის საკითხი. რწმენას “ცვეთა” არ უხდება.

გოჩა მირცხულავა

Next Post

საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს რეკომენდაციას აძლევს

პარ აპრ 3 , 2020
7,067 წაკითხვადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. „გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების […]