„ტამიშში დიდ ორმოში ჩვენი ჩახოცილი, ნაწამები მეომრები ეყარნენ“  – არჩილ ხოფერია

2,853 Views

ლალი ცერაძე

ჩემს მიერ მზადდება გამოსაცემად წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“ აფხაზეთის ბრძოლების ისტორიისათვის. გთავაზობთ ჩანახატს ლანჩხუთის მოიერიშე რაზმის შესახებ, რომელთაც თავადადებით იბრძოლეს გაგრისდა ოჩამჩირის ყველაზე მძიმე ბრძოლებში. ლანჩხუთის რაზმი აერთიანებდა გურულ ბიჭებს და რა სწრაფები და ვაჟკაცი მეომრები იყვნენ ამ კუთხის შვილები ოდითგანვე ყველასთვის ცნობილია. ამ რაზმს ხელმძღვანელობდნენ ძმები ჯამბულ და არჩილ ხოფერიები და მათ სიმამაცეზე დღესაც ლეგენდები დადის. სამწუხაროდ, მათი თავდადება ფართო საზოგადოებისათვის შედარებით უცნობია. ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის ერთგულ  შვილებს.

არჩილ ხოფერია – ტამიშში დიდ ორმოში ჩვენი ჩახოცილი, ნაწამები მეომრები ეყარნენ

„მეზარბაზნენი“ (პირველი ნაწილი)

1993 წლის ივლისში, როცა აფხზებმა დაიწყეს სოხუმზე შემოტევა, ოჩამჩირეში „მხედრიონიდან“ სულ რამდენიმე კაცი იყო დარჩენილი, რადგან ხელშეკრულებით ჩვენი ძალები გამოყვანილი იყო. ამავე დროს რუსებმა და აფხაზებმა ტამიშში გადმოსხეს დესანტი და დაახლოებით რვაასმა კაცმა მთლიანად ალყაში მოაქცია სოხუმი ოჩამჩირის მხრიდან. ამის დაშვება ყოვლად წარმოუდგენელი იყო და სასწრაფოდ იყო გასახსნელი ტამიშის მონაკვეთი. ამ ადგილზე დისლოცირებული ჩვენი ბატალიონები „ავაზა“, „ჩოლოყაშვილი“, „შინაგანი ჯარი“, დუშეთის ბატალიონი ღამით მოულოდნელი თავდასხმის გამო ძალიან დაზარალდნენ და ფაქტიურად ამოხოცეს.

კბილებამდე შეიარაღებულ გაწვრთნილ სპეცნაზს ეკავა ტამიშის მისადგომები. მტერმა შეტევა კარგად განავითარა და გზაზე ყველაფერი გაანადგურა და შეუტია ლაბრას. ენითაუწერელი სისასტიკით ხოცავდნენ შემხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობას თუ მებრძოლებს. შემდეგ განათავისუფლებისას ჩემი საკუთარი თვალით ვნახე სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ცხედრები, მათ შორის ქალებიც, რომლებიც ტრასაზე შიშვლები ეყარნენ და საკუთარ სისხლში ცურავდნენ. ჩვენი ბიჭები ჩაეყარათ ერთ დიდ ორმოში. ერთი პატარა გოგო ეწამებინათ და ჯვარზე გაეკრათ. საიდან ქონდათ ასეთი ყოვლადწარმოუდგენელი სისასტიკე და დაუნდობლობა ჩემთვის დღემდე გაურკვეველია.

ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გულმა არ მოგვითმინა და გადავედით ოჩამჩირეში ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. პირველ დღეებში მიდიოდა გაცვლითი სროლები. ისინი შეტევაზე არ გადმოდიოდნენ. მათი მთავარი მიზანი იყო პოზიციების შენარჩუნება და სოხუმის ალყაში მოქცევა, რადგან იქ ქალაქზე შეტევა წარმატებით დაემთავრებინათ და შემდეგ მთელი ძალით წამოვიდოდნენ ოჩამჩირეზე. ეს გეგმა მათ მოგვიანებით ოთხ თვეში თავიანთთვის, ჩვენდა საუბედუროდ, წარმატებით დააგვირგვინეს.

მანამდე კი მტერი მკვიდრად ჩაჯდა ტამიშის ტრასაზე და სანგრებში „მაიმუნთსაშენთან“. ჩასვლიდან მეორე დღეს ჩვენებმა დაიწყეს შეტევა. ჩვენს რაზმს დაევალა კოჩარის გზიდან შემოსული ფლანგის დაცვა, რომ მტერი აქედან არ დაგვსხმოდა თავს.

ოჩამჩირეში მაშინვე ჩამოვიდა „მხედრიონის“ მთელი შემადგენლობა და გადაწყდა გზის გაწმენდა. დღის მეორე ნახევარში მივიღეთ ბძანება გადავსულიყავით და მიგვეღო მონაწილეობა შეტევაში. პირველი დღეს თითქმის უშედეგო გამოდგა, რადგან კოორდინაცია გვაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ მივუახლოვდით მოწინააღმდეგეს გარღვევა არ მოხდა.

მეორე დღისთვის დილით შვიდი საათისათვის დაიგეგმა მომდევნო შეტევა. გიგა გელაშვილმა ამიხსნა, რომ ლანჩხუთელები წავიდოდით ბრძოლაში მეორე ეშელონად. ბრძოლა წავიდა და თანდათან დაახლოებით რვა საათისათვის პირველ ეშელონს წამოვეწიეთ.

ამ შეტევას ახორციელებდა „მხედრიონის“ ყველაზე შემტევი მოიერიშე ძალა – ბორჯომის „მხედრიონის“ ბიჭები, „გლდანის საძმო“, „ვაჩეს ჯგუფის“ ძველი წევრები, თბილისის „მხედრიონი“, ქუთაისელები, ლანჩხუთიდან ვიყავით ორმოც კაცამდე, ასურთის „მხედრიონი“ ბესო მურუსიძის ჯგუფი და სხვები, რომელთა გვარებს, სამწუხაროდ, ყველას ვერ დავასახელებ.

მახსოვს ქუთაისელ ბიჭებს ათ კაცს იარაღი საერთოდ არ ჰქონდათ, შიშველი ხელებით წამოვიდნენ შეტევაზე, ჩვენს გვერდით იდგნენ, ვინმე თუ დაეცემოდა მათი იარაღით რომ გაეგრძელებინათ ბრძოლა. აი, სად არის კაცობა და გმირობა!

საშინელი მჭიდრო, ხანჯლური ცეცხლი გახსნეს… ბოლო გადარბენაზე, როცა სანგრამდე დარჩენილი იყო დაახლოებით სამოცი მეტრი მომიკლეს ჩემი ბიჭები მერაბ კუპრეიშვილი და ზალიკო მდინარაძე. ამან ძალიან გაგვამწარა და გული გვატკინა.

ზალიკო პატარა ბიჭი იყო ვერ ისვენებდა სახლში. წინა დღეს მოვიდა ჩემთან ხუთ ბიჭთან ერთად და სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად ებრძოლა. იყვნენ უიარაღოდ. ერთ-ერთ მათგანს დიმიტრის მივეცი ავტომატი და ზაალს კი ავუხსენი, რომ შეტევის მერე თუ რამეს ვიშოვნიდი აუცილებლად მივცემდი იარაღს და სხვა ბრძოლაში წავიყვნადი.

მე მას გავუფრთხილდი და მოვარიდე ბრძოლას. დილას როდესაც შტაბში მივედით ორი უვარგისი რაცია დაგვხვდა და გადავწყვიტეთ შეტევაზე კავშირის გარეშე წასვლა და ჩვენი გასვლიდან ათ წუთში მოუტანიათ სრულიად ახალი რაციები. ჯაბა იოსელიანს უთქვამს – „ვინ არის მოხალისე, ვინ წაიღებსო რაციას ბიჭებთანო?“ და ზალიკოს გამოუთქვამს სურვილი. შემომიერთდა ბოლო წუთებში უიარაღო პატარა ვაჟკაცი ბიჭი და ზურგში ჩავიყენე, რომ არაფერი მოსვლოდა. საუბედუროდ, მტრის ტყვია ვერ აცდა. ზალიკოს მოტანილმა რაციამ შემდეგ დიდი როლი შეასრულა მაშველის გამოძახებაში და კოორდინაციაში. ასევე მოცელა ტყვიამ ჩემი მეგობარი მერაბ კუპრეიშვილი. ნათელი დაადგეთ ორივეს.

ტამიშის დესანტის განლაგებაში, ე. ი. მაიმუნთსაშენის ადგილმდებარეობას კარგად ვიცნობდი. და ვიცოდი, რომ შეიძლებოდა მათთვის დაგვერტყა ზურგში. ამის შესახებ საღამოს შტაბში გვქონდა საუბარი და ვამბობდი, რომ ავიღებდი ჩემს თავზე ამ შემოვლითი მანევრის წარმატებით განხორციელებას. მაგრამ პასუხად მივიღე, რომ ჩვენ დაცვას უზრუნველყოფდნენ გვარდიის “ავაზას” მეომრები ლაბრის გზიდან.  ამის გაკეთება თავის თავზე აიღო გოგია „პულიმიოტჩიკმა“ , მაგრამ საუბედრუროდ, ეს დავალება არ შეასრულა და თავი აარიდა. რაციაზე კი გადასცემდა ლაბრის გზა თავისუფალიაო, როცა ადგილიდან არც კი დაძრულა. ჩვენც დაიმედებულები უფრო წინ წავედით და მოწინააღმდეგემ ძლიერი ცეცხლი გგვიხსნა. ამისთანა დანაშაულებრივ ქმედებას მოყვა  ძვირფასი დროის დაკარგვა და ბიჭების დაღუპვა და დაჭრა.  როცა ყველა მიხვდა, რაღაც ვერ იყო საქმე კარგად ბატონი ჯაბა და თორნიკე ქურდაძე გადავიდნენ იმ პერიმეტრზე და დაინახეს ფქტიური მდგომარეობა. ჩვენ მიუხედავად დანაკარგებისა და ცეცხლისა იძულებული გავხდით პირდაპირ შეგვეტია და ყიჟინით შეტევაზე მაინც გადავედით და მოწინააღმდეგე განვდევნეთ.

7-8 საათი ჩაწოლილები ვიყავით და ვისროდით. ძალები აშკარად არ გვყოფნიდა. რიგები შეთხელდა ბიჭები დაიჭრნენ და დაიღუპნენ გაყავდათ როგორღაც. აშკარა იყო ხალხის რომ დამატება გვჭირდებოდა  „პიტომნიკზე“ გვერდიდან მოსავლელად. ტრასა იყო მთლიანად მოშიშვლებული. რაციაზე დავუკავშირდი და მამაჩემს ველაპარაკებოდი გამოეშვა დამატებითი ძალა, რომელიც ცაგერაში იდგა. ვითხოვდი დახმარებას ტანკები მჭირდებოდა და აფხაზების ხაზის გასარღვევად ტექნიკას მივყებოდით, რომ ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო.

დაახლოვებით 3-4 საათზე გვიპასუხეს, რომ მოდიოდა ტექნიკა და ორმა ტანკმა და ბეემპემ გაჭრეს აფხაზთა ხაზი და ყუჟინით შევიჭრით კიდეც მოწინააღმდეგის განლაგებაში.

უკანასკნელი ოც მეტრი გასარბენი „პიტონმიკამდე“ საშნელი სროლები იყო და როგორც იქნა მოწინააღმდეგემ ვერ გაუძლო ჩვენს დაწოლას და ამოვიდა სანგრებიდან და უკან დაიხია.

მახსოვს პირველი აფხაზთა სანგარში გადახტა „გლდანის საძმოს“ წევრი ლევან ილინი და მიყვნენ და მიყვნენ ბიჭები. გზა გაიწმინდა. მოწინააღმდეგემ სერიოზული ზარალი ნახა.

საერთოდ, ომის დროს ბევრი უსიამოვნებებიც ხდებოდა, წინა დღეს დარიგდა იარაღი და ჩვენ არ შეგვხვდა. ამაზე დავა მომიხდა, მაგრამ ამაოდ… და შეტევის დროს კი ჩვენს უკან იდგა 1000 კაცამდე და არც კი წამოგვყვნენ. ასეც ხდებოდა.

ბრძოლისას ბიჭებს ვამხნევებდი, გულს ვუკეთებდი – „აბა ბიჭებო, აბა წავედით, წავედით, ახლა ჩვენები ქვევიდან შემოუვლიან და ნაპირიდან დააყრიან მეთქი“, მაგრამ სინამდვილეში გულში არავის დახმარების იმედი არ მქონდა.

საქმე იმაში იყო, რომ წინა დღეს შემოგვიერთდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები და მათ რეაქტიული იარაღი „ფტურსიც“ კი გავატანე, მაგრამ ძირითადი დარტყმა მიიღო მაინც „მხედრიონმა“. ტამიში ნამდვილად ჩვენი ბიჭების თავდადებამ გახსნა.

რუსების სპეცნაწილებზე გამარჯვება იყო ჩვენი შესაძლებლობების, მხედრული სულის და კაცური გატანის შესანიშნავი დემონსტრირება. კბილებამდე შეირაღებული მტრის ნაწილი განადგურდა და დანარჩენმა ნაწილმა კი მიატოვა პოზიციები და ჩრდილოეთით გადაინაცვლა. ოჩამჩირე-სოხუმის გზას კვლავ „მხედრიონი“ იცავდა და აკონტროლებდა.

ყველაზე ძალიან მენანებიან ჩვენი ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც ამ ოპერაციას შეეწირნენ, ღმერთმა ნათელში ამყოფოდ. ჩვენს თავებს დღესაც სამშობლოს მეზარბაზნეებს ვუწოდებთ. დრო მოვა და ჩვენ ერთად ვიქნებით.

 

 

Next Post

ეს ვირუსი ახალია – რას გვიმზადებს და როგორ შეიცვლება არ ვიცით

კვი აპრ 12 , 2020
2,853 Viewsექიმ კონსტანტინე მათითაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: არის საზოგადოების ნაწილი ვისაც არ ესმის ან “განსვავებული” აზრი სურს დააფიქსიროს ან უბრალოდ “კაი ტიპობს”… ვინც ამბობს, რომ კარანტინი და მასთან ასოცირებული სხვადასხვა შეზღუდვები არის “მარტივად” რომ ვთქვათ არასწორი ქმედება. “გეტყვით: ვაქცინისა და წამლის არარსებობის შემთხვევაში კარანტინი ერთადერთი ისტორიულად და დღეს არსებული “მკურნალობის” გზაა! კიდევ გეტყვით: ვირუსის ნაწილობრივი შეკავება და დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლებით გადატანა […]

შესაძლოა მოგეწონოთ

mediapress.ge@gmail.com