„ასე დაიწყო ომი ჩემთვის“ – თორნიკე გოგუაძის მოგონებები

3,896 წაკითხვა

ლალი ცერაძე

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. გთავაზობთ სოხუმის ერთგული შვილების მოგონებებს ქალაქში მიმდინარე პროცესების და საომარი ვითარების შესახებ. მშობლიური კუთხის მიმართ გულში ყველას თავისი სიყვარული, გულისტკივილი და ნოსტალგია აქვს.  მცნება  „სოხუმელი“ დაკავშირებულია ზღვასთან, თოლიების გნიასთან,  გასაოცარ პეიზაჟებთან, ეგზოტიკურ ბუნებასთან, ტურისტებთან და მოსახლეობის ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულთან და პატივისცემასთან. აქ არ არსებობდა ეროვნების გარჩევა, ყველანი ლამაზი საპორტო ქალაქის შვილები იყვნენ.

ამჯერად შემოგთავაზებთ სოხუმელი კაცის თორნიკე გოგუაძის მოგონებას აფხაზეთის ომის დროს  სოხუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი მეგობრობა ფეისბუკში ურთიერთობით დაიწყო და, საბედნიეროდ, გამოეხმაურა ჩემს თხოვნას მოეთხრო თავისი ისტორია და ყოველ დღე მოუთმენლად ველოდი გვერდის გაგრძელებას.

ნაწყვეტი სერიიდან „მე სოხუმელი ვარ“

თორნიკე გოგუაძე – „ასე დაიწყო ომი ჩემთვის, ერთი სოხუმელი კაცისთვის“

ომის დასაწყისი.(პირველი ნაწილი)

ჩვეულებრივი სოხუმელი მოსახლე ვიყავი. საწყობის გამგედ ვმუშაობდი ახალ რაიონში. ოჩამჩირიდან ჯარი შემოვიდა ქალაქის შემოსასვლეში დადგნენ. ქალაქიდან დამირეკეს – ომი დაიწყოო. ცენტრისკენ წავედი. ვერტმფრენები ახმაურდნენ ცაში და ამას ჯარი და მთელი ტექნიკა მოჰყვა. გარეთ გამოვედით ყველანი. ვცდილობდით გარკვევას რა ხდებოდა. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვიგრძენით ომის დაწყება და უცბად თავს დაგავტყდა საომარი ბატალიების მთელი სიმძიმე. თავიდან გვეგონა ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა და პოლიტიკოსები შეთანხმდებოდნენ, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით. ჩვენ ჯერ არ ვიცოდით თუ რა გველოდებოდა. არც ის ვიცოდით რუსეთის ფაქტორი რომ წამოიწევდა წინ. ხოლო შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა.

მოსახლეობიდან ზოგს უხაროდა ქართული გვარდიის შემოსვლა. არაქართველები კი ჯერ კიდევ ეჭვის თვალით და შიშით იყვნენ განწყობილები. ყველას პირზე ეკერა სამოქალაქო შეტაკებები სამეგრელოში და გვეშინოდა სიტუაცია არ არეულიყო. აფხაზების დიდი ნაწილი სადღაც ერთი თვის მანძილზე გავიდნენ და დანარჩენებმა 1993 წლის იანვარში დატოვეს ქალაქი. ხოლო ვინც დარჩა ისინი ყველანი თავისიანებზე მუშაობდნენ და ახალ-ახალ ცნობებს აწვდიდნენ მათ ჩვენი შიდა მდგომარეობის შესახებ.

ხალისიანი საპორტო ქალაქი, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, გადაიქცა სამხედრო პოლიგონად ერთი წლის მანძილზე და ამ განწყობის ფსიქოლოგიური შეგუება არ იყო ადვილი. განსაკუთრებით დაიძაბა მდგომარეობა 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცემის შემდეგ. თვალნათლივ დავინახეთ, როგორ ამოხოცეს გადამთიელმა ბოევიკებმა მშვიდობიანი მოსახლეობა და სოხუმელებმა დაიწყეს ხელში იარაღის აღება საკუთარი ოჯახის, ახლობლების და საყვარელი ქალაქის დასაცავად.

მეზობლები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ ყალიბდებოდა მოხალისეთა ბატალიონი და შემოგვიერთდიო. მაშინვე შტაბში წავედი და ჩავეწერე. ასე ვიქეცი მშვიდობიანი მოსახლე სამხედრო ვალდებულად და პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩემი თანამოქალაქეების მიმართ. თავიდან იარაღის უკმარისობა იყო.  შეიძლება სპეციალურადაც არ გვაძლევდნენ სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მაგრამ გაგრის დაცემის შემდეგ დაიწყეს იარაღის დარიგება.

სოხუმში უკვე იყო ადგილობრივების შენაერთები. სოსო ახალაიამ ჩამოაყალიბა გვარდია. იყო ასევე სამხედრო პოლიცია და სხვა ნაწილებიც შემოვიდნენ თბილისიდან. ყველანი ვცდილობდით ქალაქზე შემოტევები მოგვეგერიებინა და ერთმანეთს გვერდით დავდგომოდით.

1992 წლის ნოემბრის ბოლო იქნებოდა და პირველად სოხუმის თავზე მაღლა ახლაშენში მოგვიწია გასვლა. იქ შევცვალეთ „შავნაბადას“ მეომრები. კარგი ბიჭები ჩანდნენ. როცა გადიოდნენ პირადად მე სავაზნე, „კასკა“ და თბილი ქურთუკი დამიტოვეს.

პირველი ორი დღე სანამ მივეჩვეოდით გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ არც გვინდოდა იქიდენ გამოსვლა. წამოვიდა პირველი თოვლიც. ირგვლივ აუწერელი სილამაზე იყო, ეს ომი რომ არ ყოფილიყო.

ჩემმა მეუღლემ არც იცოდა სად ვიყავი. შემდეგ ორი დღე რომ არ გამოვჩნდი, მოკიდა ბავშვებს ხელი და მივიდა შტაბში ბატალიონის უფროსთან, „სად არისო ჩემი ქმარი?“ ჩვენი იქ ყოფნისას არაფერი სეროიზული არ მომხდარა. ორი კვირის შემდეგ შეგვცვალეს ადგილობრივი ახალშენელი ბიჭებით. მათი მეთაური იყო ამირან გურჯიშვილი და  დავბრუნდით სოხუმში.  ჩვენს ბატალიონს სტატუსი არ ქონდა. ჩვენს თავს „ღიმილის ბიჭები“ ვუწოდეთ. ჩვენი „კომბატი“პოლიციელი იყო, წარმოშობით გალიდან. რეზო ერქვა (სამწუხაროდ გვარი გადამავიწყდა).  ხან სად გვაგზავნიდა, ხან სად. ძირითადად შეცვლაზე დავდიოდით.

ვგრძნობდი ჩემი ოჯახი უნდა გამეყვანა ქალაქიდან და ძლივს დავითანხმე და სიმამრი გავაყოლე  ბათუმში. რადგან უკვე ხელები გამეხსნა და აღარაფერი არ მიშლიდა ხელს, 1992 წლის 24 დეკემბერს  დავიძარით ტამიშისკენ.

იქ უნდა გაგვემაგრებინა ერთ-ერთი სიმაღლე. აფეთქებულ ხიდთან გავჩერდით, იარაღი რემდენიმე ადამიანს ქონდა მხოლოდ და ველოდებოდით როდის გადამოგვცემდნენ. დაგვირიგეს „აკეესის“ სისტემის იარაღები და გავაგრძელეთ გზა. იქვე შემოგვხვდა გია ყარყარაშვილი თავისი ბიჭებით. მოგვესალმა და დაგვათვალიერა. დაგვინახა, რომ არც ტყვიამფრქვევები გვქონდა და არც ყუმბართმტყორცნები. შეგვეკითხა – „ძმებო, საით გაგიწევიათო?“. ჩვენ ვუპასუხეთ – „ტამიშში მივდივართ შეცვლაზე“. გიას გაეცინა – „თქვენ ფანტომასები ყოფილხართ. მარტო ავტომატებით რას იომებთო?“

როცა ადგილზე ჩავედით, საკმაოდ გვიანი იყო. ძალიან მაგრად თოვდა.  აფხაზეთი ჰავით ნესტიანი ადგილია და რომ დაუსისინებდა ქარი, თან მთაგორიან ადგილზე, მაგრად ატანდა ძვალში და რბილში. კინდღს რომ გამოცდებით სოხუმისკენ გზაზე მარცხნივ მთიანი ადგილია. იქვე ფერმებია. აქ ქართველებზე ადრე იდგნენ აფხაზები და ორმეტრიანი სანგრები გაეთხარათ. მერე გია ყარყარაშვილმა გაწმინდა იქაურობა და ჩვენი მეომრები დადგნენ.

იქ მერხეულელი ბიჭები დაგვხვდნენ. საუბედუროდ, მათ ბიჭები დაუხოცეს. ყველაფერი გვაჩვენეს და აგვიხსნეს სად რა იყო. სანგრები საკმაოდ ქონდათ გათხრილი. პრინციპში საჭმელიც არ გვაკლდა.

ბიჭებმა გაგვაფრთხილეს, თუ ეჟვნის ხმა მოგესმათ ეგრევე დააყარეთო. აფხაზები და ჩეჩნები ეჟვანს იბავენ კისერზე და ასე გვიახლოვდებიანო, ვითომ საქონელიაო.

პირველი ღამე ძალიან შფოთიანად გავატარეთ. შიშის გამო კი არა, უბრალოდ ახალ ადგილს მიჩვევა სჭირდებოდა.

გია ყარყარაშვილი, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ლაბრის მხარეს წავიდა თავის ბიჭებთან ერთად. რამდენიმე დღის შემდეგ ორი ყუმბართმტყორცნი ამოგვიტანეს. ტყვიამფრქვევი საეთოდ არ გვქონდა. მხოლოდ ხელყუმბარები „ერგედე“ დაგვირიგეს. თან ისეთი დანესტიანებული, რომ არც ფეთქდებოდა. მე და ცხონებულმა რეზო ფირცხალავამ ვისროლეთ სასინჯად და არ აფეთქდა. ამ დროს სინოპში საწყობები სავსე იყო იარაღით. ახალი წელი ამ სანგრებში გავატარეთ. შემოტევა ამ დღეებში არ ყოფილა. უბრალოდ გვესროდნენ ტყიდან. მხოლოდ მოწინააღმდეგის ხმაური და ჩოჩქოლი გვესმოდა. მაშინვე გაუხსნიდით ხოლმე ცეცხლს. კარგად ვხედავდით როგორ ბომბავდნენ  ლაბრას. ჩვენი სიმაღლიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა.

ამ ადგილთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი გულადი თავაძე. მისი სიძის ძმა კინდღში ნაღმზე აფეთქდა და გულადი კინდღში ვერ ჩავიდა სამძიმარზე. პოზიციაზე დგომის დროს მთხოვა ტამიშიდან კინდღში გადასვლა. კამაზს გავყევით. სამძიმარი  ვუთხარით მის დას და არაფრით არ უნდოდათ ჩვენი გამოშვება. ჩვენ კი ბიჭებთან მიგვეჩქარებოდა და იმ დაღამებულზე ფეხით წამოვედით. ეს წუთები არ დამავიწყდება არასოდეს. ვიგრძენი ომის მთელი დრამატიზმი. ირგვლივ სიჩუმე იყო დასადგურებული. ყველაფერი დამწვარი და დაბუგული. თანაც ცოტა გვეშინოდა კიდეც, მაგრამ მაინც იხტიბარს არ ვიტეხავდით მივაბიჯებდით ტრასაზე. ადგილზე მისვლისას მეგობრები გაგვწყრნენ. მე მაინც არ დამავიწყდება ის წუთები თავს რომ ვიგულიანებდით მე და ჩემი მეგობარი.

ტამიშიდან რომ ჩამოვედით, ოჯახის სანახავად რამდენიმე დღით ბათუმში წავედი. შემდეგ ჩვენი ჯგუფი პოლიციად გადააკეთეს და მე წამოვედი. თითქოს მშვიდობა დადგა და სანფორმაციო სამინისტოროს მინისტრის გურამ მაღლაკელიძის დავალებით დავინიშნე “აფხაზწიგნვაჭრობის” დირექტორად. იქაც ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ჩვენ უნდა მიგვეხედა ქალაქისთვის და სკოლებისთვის.  ჩვენი ოფისი იმყოფებოდა ლაკობას ქუჩაზე. იქ მეუღლეს ველოდებოდი და მთხოვა არ გავსულიყავი შენობიდან. თანამშრომელი გავაცილე და საათს დავხედე. დრო საკმაო მქონდა და საპარიკმახეროში შევლა გადავწყვიტე. წავედი მშვიდობის გამზირის მხარეს.

უცბად გავიგონე გუმისთიდან გრადი ისროლეს. თავის შესაფარებლად ჩემი ერთ-ერთი მაღაზიისკენ გავიქეცი. ქალაქში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ახლა მეუღლეზეც ვნერვიულობდი, რამე არ მოსვლოდა. ნახევარი საათიც არ იყო გასული ატყდა კარებზე საშინელი რახუნი. გამგე მივარდა გასაღებად და მესმის ჩემი მეუღლის განწირული ტირილიანი ხმა და კივილი: „კაკო ძია, თორნიკე დაიღუპა, ცოცხლად დაიწვაო, მისი ოფისი დაბომბეს და იქ არავინ არ გადარჩაო“. მას ეგონა მე იქ ჩავრჩი. საშინელ მდგომარეობაში იყო. როცა ცოცხალი დამინახა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა და სიხარულისგან რა ექნა აღარ იცოდა.

იმ დღეს სოხუმი ძლიერად დაიბომბა. ლაკობას ქუჩიდან დაწყებული ოქტომბრის ქუჩამდე საერთოდ დაიწვა ყველაფერი. ზუსტად იქ იყო განლაგებული „აფხაზწიგნვაჭრობა“ და „ბიბლიოკოლექტორი“. ორივე საერთოდ განადგურდა. ოცი წუთის წამოსული ვიყავი და დიდება უფალს, რომ გადამარჩინა. ჩემი მეუღლე მაშინ ოცდაოთხი წლის გამოუცდელი გოგო იყო და როდესაც მივიდა ოფისთან, იქ უკვე მთელი კვარტალი იწვოდა. მეხანძრეები ამაოდ ცდილობდნენ ხანძირის ჩაქრობას. შენობაში მყოფები ყველას მკვდარი ეგონა. რაღაც სასწაულმა ძალამ იმ დღეს გარეთ გამომიყვანა და სიკვდილს ამარიდა. თურმე ჩემს მეუღლეს ისეთი აგონია დაემართა ალმოდებულ შენობაში ლამობდა შევარდნას და ჩემს გადარჩენას. განწირული ყვიროდა – „ჩემი ქმარი იქააო, მიშველეთ რამეო“, მაგრამ გამოცდილმა მეხანძრეებმა არ გაუშვეს – „იქ ცოცხალი აღარავინ იქნებაო“. მეორე დღეს სოხუმის ბაზარში ყველა ამბად ყვებოდა, როგორ უნდოდა ახალგაზრდა გოგოს თავისი ქმრის გადარჩენა, მაგრამ, საბედნიეროდ, მაშინ სიკვდილი არ მეწერა.

ასე დაიწყო სოხუმის თავდაცვა ჩემთვის ერთი სოხუმელი კაცისთვის.

Next Post

„გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც სერიოზული პრობლემაა“ – კახა კალაძე

შაბ მაი 23 , 2020
3,896 წაკითხვა„პოლიტიკური ველი პოლარიზებულია სამწუხაროდ და ეს ცუდია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც სერიოზული პრობლემაა“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „მე როგორც პოლიტიკოსს და მმართველი პარტიის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, ჩემთვის კომფორტულია ისეთი ოპოზიციის ყოლა, როგორიც დღეს გვყავს ქვეყანაში, მაგრამ მე ხომ არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ