პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიორგი მასალკინმა დატოვა და მიზეზებზე ვრცელ წერილში ისაუბრა, რომელიც ფეისბუქში გამოქვეყნა..
დიდხანს ვფიქრობდი, გამესაჯაროვებინა თუ არა ჩემი გადაწყვეტილება (მეგობარმა მკითხა: „ლელოში თუ ხარ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის და გამოსვლის დეკლარაცია რად გინდა?“). ბოლოს მაინც გასაჯაროება გადავწყვიტე, რამდენიმე მიზეზის გამო:
1. ბათუმში ყოველი მეორე შემხვედრი მისვამს შეკითხვებს პოლიტიკაზე, მათ შორის ჩემ გეგმებზე პოლიტიკაში და, ვინც საქმის კურსშია, ჩემ ურთიერთობებზე ლელოსთან. ამ წერილით მინდა მათ საფუძვლიანად ავუხსნა ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი, მათ შორის იმათაც, ვინც შესაძლოა დადებითად განვაწყვე ლელოსადმი, რადგანაც რამდენიმე თვის წინ ლელოს პოპულარიზაციას ვეწეოდი. მინდა ვიყო მართალი ამ ადამიანების წინაშე, რა რაოდენობისაც არ უნდა იყვნენ ისინი;
2. შესაძლებელია, ლელოსთვის ეს (სწორედ საჯარო) წერილი სასარგებლო აღმოჩნდეს (ჩემთვის არ არის სულერთი მისი მომავალი).
3. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ამ წერილის დაწერის ერთ-ერთ მოტივად შელახული თავმოყვარეობა შეიძლება ჩაითვალოს და ეტყობა ასეც არის!
მესმის, რომ მე სიტუაციას ლელოში ვაფასებ ასე ვთქვათ ადგილიდან და შეიძლება ვერ ვხედავდე მთლიან სურათს, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკური გამოცდილება მაძლევს საშუალებას ლეგიტიმური განზოგადებანის გაკეთებისა.
რაში ვხედავ ლელოს მთავარ პრობლემას: არანაირად არ მინდა მამუკა ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის შედარება. მამუკა ხაზარაძე გაცილებით უფრო დახვეწილი და სისტემურად მოაზროვნე ადამიანია. ივანიშვილისგან განსხვავებით, მისი ბიზნესი საქართველოში იქმნებოდა და საერთაშორისო კონტროლისა და მონიტორინგის პირობებში მიმდინარეობდა. მაგრამ, ამავე დროს, თავი იჩინა ტიპოლოგიურად იგივე პრობლემამ – მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც ვერ მოხდა ეკონომიკური კაპიტალის (მათ შორის ნიჭისა და გამოცდილების) პირდაპირი კონვერტირება პოლიტიკურ კაპიტალში. და ვერც მოხდებოდა, იმიტომ რომ ბიზნესი და პოლიტიკა – ორი სხვადასხვა და განსხვავებული სფეროა. მაგრამ წარმატებული ბიზნესმენები ხშირად სხვანაირად ფიქრობენ, რასაც ხელს უწყობს ქართული პოლიტიკური ელიტის არც თუ ისე მაღალი დონე.
ბიზნესმენებს უჩნდებათ რწმენა, რომ ისინი შეძლებენ უკეთესად მართონ პოლიტიკური პროცესები. მართვაში ისინი ხშირად ისევ თავისი სფეროს წარმომადგენლებს ეყრდნობიან (კონსულტანტები, მრჩევლები, „რუხი კარდინალები“). ლოგიკა მარტივი და ერთი შეხედვით ლეგიტიმურია – თუ მაქვს წარმატებები ბიზნესში, რატომ არ შეიძლება იგივე გამეორდეს პოლიტიკაში? მაგრამ ბიზნეს მენეჯმენტი პოლიტიკის სფეროში ხშირად არ ამართლებს.
ხშირად სწორედ ბიზნეს მენეჯმენტის გამოყენება პარტიულ საქმიანობაში იწვევს ისეთ მანკიერ შედეგს, როგორიცაა: პარტიის მართვაში ავტორიტარიზმის მოკრძალებული ხიბლი და გულგრილი დამოკიდებულება პროცედურული დემოკრატიის ნორმებისადმი. როგორც არ უნდა გწამდეს, რომ შენ არ გაიმეორებ სხვის შეცდომებს და პრაქტიკას, რაც არ უნდა გულწრფელად მოითხოვდე ღიაობას და კოლეგიალობას, – პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკა მკვეთრად რეაგირებს პროცედურული დემოკრატიის ნორმების უგულვეყოფაზე. ეს უკვე გავლილი გვაქვს .
დიდი ხანია ვიცი, რომ ახალი პარტიის შექმნა არ ნიშნავს აუცილებლად ახალი და კარგი (უკეთესი) ხალხის გაერთიანებას. ახალ პარტიაში უნდა გხიბლავდეს თამაშის ახალი, უკეთესი წესების დამკვიდრების სურვილი და მცდელობა. მიუხედავად პირადი სიმპათიებისა ლელოს ხელმძღვანელი რგოლისადმი (დავით უსუფაშვილი,
ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე
პოლიტიკოსი საქართველოში), მიმაჩნია, რომ მათ ვერ შეძლეს ახალი და უკეთესი თამაშის წესების დანერგვა, პოლიტიკის ახალი სტანდარტების დამკვიდრება – რის სურვილი მათ დეკლარირებული აქვთ და რის პრეტენზიაც გააჩნიათ.
სამწუხაროდ, ისევ საკმაო დოზით მლიქვნელობა, ისევ დამოკიდებულება ლიდერზე (მუსიკის შემკვეთზე), ისევ ერთპიროვნული გადაწყვეტილების პრიმატი, ისევ უცნაური და ქაოტური საკადრო პოლიტიკა, ისევ ხელმძღვანელობისგან რეალური სურათის დამალვის პრაქტიკა (იმას, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, რომ „ზემოთ არ იციან“, და „აი რომ იცოდნენ“ და ასე შემდეგ. ლიდერი თვითონ ქმნის ინფორმაციულ, კომუნიკაციურ სიტუაციას ორგანიზაციაში). ისევ პომპეზურობა, ისევ მიტინგური სტილი. პლიუს რიტუალურ-პიარული გზავნილი „ახალ და ახალგაზრდა სახეებზე“.
ზემოთჩამოთვლილ მიზეზთა გამო გამიჩნდა ლელოსადმი ღირებულებითი, ფსიქოლოგიური და თუნდაც ესთეტიკური მიუღებლობა. პარტია ქვეყნის მართვაშიც იმავე პრაქტიკის მიმდევარი იქნება, როგორიც შიდა პარტიული პრაქტიკა აქვს. არ მინდა მომიწიოს „გაპრავება“ იმისა, რაც ჩემთვის მიუღებელია.
ლელოს ვუსურვებდი გააცნობიეროს და გადალახოს „პირველი არჩევნების სინდრომი“, როცა ყველა ვინც გაგიღიმებს ან თუნდაც მხარდაჭერად დაფიქსირდება,
შენი მომავალი ამომრჩეველია ჰგონია. და, ასევე ვურჩევდი, რომ არ დაემართოს ცნობილი „თავბრუსხვევა წარმატებებისგან“, რის ნიშნები გარკვეულად სახეზეა,
ყოველ შემთხვევაში, შეინიშნებოდა.
მოულოდნელად და ფარულად არ წავსულვარ. რამდენიმე თვეა უკვე ვარ დისტანცირებული ლელოსგან და ყველა ჩემი პრეტენზია მაქვს გაცხადებული ჩემი მეგობრებისთვის „შენების მოძრაობიდან“, ნაწილობრივ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძისთვის და, ასევე, საკმაოდ დეტალურად, დავით უსუფაშვილისთვის.
რადგანაც პასუხი (თუ ის იქნება) და რეაქცია (რომელიც ვფიქრობ აუცილებლად იქნება) ვიცი წინასწარ, ბარემ მათზეც წინასწარ გავცემ პასუხს. გიორგი მასალკინმა მოითხოვა ლიდერობა, ჩვენ კი შევთავაზეთ ეს ლიდერობა საქმით დაემტკიცებინა, მან კი ეს არ ისურვა. ამიტომ ის კი არა, ეს ჩვენ დავშორდით მას. საქმე იმაშია, რომ ფორმალურად ამგვარი პასუხი სწორია.
სწორედ ასე იყო. ლელოს ხელმძღვანელობამ რეგიონში არჩევანი სხვა პიროვნებებზე გააკეთა. ამაში ვერ შევეკამათები … პოლიტიკური საქმიანობა თუ გავაგრძელე, ვიცი, რომ ვითანამშრომლებ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად და თავისუფლად ვიგრძნობ. ლელოში ეს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ბოლოს, მაინც მინდა ლელოს წარმატებები ვუსურვო არჩევნებში, რადგანაც ორპოლუსიანი სისტემა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ლელოს წარმატება ამის ერთ-ერთი პირობა იქნება.”– აღნიშნავს გიორგი მასალკინი.