გიორგი კეკელიძის პოსტი ფეისბუქში:
„არაფერია იმაზე რთული, ვიდრე სველი შეშით ცეცხლის დანთება. სიზიფეს საქმის ნათესავი ამბავია. ვისაც სოფლად უცხოვრია, იოლად მიხვდება. დიდხანს უნდა იწვალო, შეიძლება ძველი, განწირული წიგნის ქაღალდი მიაშველო და ასე გამოაშრო. თუ გაქვს ხმელი ერთი ღერი მაინც – დიდი წამალია. ან კვარი ან „სალიარკა“ ლიმონათის მიწისფერი ბოთლიდან. და ბოლოს მოეკიდება. საათების მერე. ამ ცეცხლით ვერ თბები, უბრალოდ გიხარია, რომ დაინთო. ჩემი ცხოვრებაც ძალიან დაემსგავსა ამ ამბავს – არავის დაუხვედრებია გამთბარი ოთახი, მეტიც, არც მშრალი შეშა ღუმელის დასანთებად. სადაც მივედი, ყველგან ნედლი, გაჟღენთილი დამხვდა, დიდხანს ვუკიდებდი და როცა ცეცხლი ინთებოდა, გავდიოდი ოთახიდან. სხვები თბებოდნენ. შედეგით ტკბობა და რამე სარგებლის მიღება ჩემი ვნება არ არის. მხოლოდ დანთება. თუნდაც, სველი შეშიდან.“