„მათ ისეთები იკადრეს ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, ყურში არ შეიშვებოდა“ – მერაბ მეტრეველი

1,228 წაკითხვა

„მიუხედავად იმისა რომ არჩევნებზე არ წავედი, რადგან ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა, ხოლო 5 – იანის შემოხაზვა ჩემთვის წარმოიმუდგენელი ამბავია (ეს ჩემთვის უფრო მორალური არჩევანია, ვიდრე პოლიტიკური, ამიტომ ტყუილად ნუ დამამუნათებთ.

გამორიცხულია 5-იანი შემოვხაზო, ვისთანაც და რასთანაც არ უნდა იყოს შეზავულებული), მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რამდენიმე დიდ ქალაქში ოპოზიციას მოეგო (მაგალითად ბათუმში და ქუთაისში), რადგან “ოცნებას” უნდა ენახა, რომ მისი საოცარი უტიფრობა ასე მარტივად არ ჩაივლიდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

რა არის ამის მთავარი მიზეზი? მოსყიდვა? ზეწოლა? თავს ნუ მოიტყუებთ!
მოსყიდვა და ზეწოლა 2012 წელს რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ მაინც მოიგო მაშინ ოპოზიციამ.

მთავარი მიზეზია, მთავარი ოპოზიციური ძალის უტიფრობა. ამ ძალის და მათი მხარდამჭერების უტიფრობა. ანუ ამომრჩეველი “ოცნების” და მისი ბოსების უტიფრობის საპირწონედ იღებს არა რამე ახალს, არამედ ძველს და ასევე უტიფარს.

“ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პრობლემა დღეს ის კი არ არის, რას აკეთებდა იმ “სისხლიან 9 წელში”, არამედ მათი მთავარი პრობლემაა, რას აკეთებენ ამ 9 წელში, რაც ოპოზიციაში არიან.

ამ 9 წლის განმავლობაში ამომრჩეველს ვერ აჩვენეს მათ, რომ რაიმე გაიგეს, ან რაიმე ისწავლეს. უფრო პირიქით: დანაშაულს ისევ შეცდომებს ეძახიან, დამნააშავეებს – პოლიტპატიმრებს (და ახლა მათ ამ იგავმიუწვდომელ დაბოლებაში სხვა ოპოზციური პარტიებიც აყვნენ).

ოპოზიციაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მათი ქცევა და რიტორიკა ისევ ისეთი აგრესიულია, როგორიც ხელიაუფლებაში ყოფნის დროს იყო.

დღეს ბევრს საუბრობენ ზიზღის კამპანიის შესახებ, რომელსაც “ოცნება” აწარმოებდა ოპონენტების წინააღმდეგ, ეს ამაზრზენია, მაგრამ ეს ზიზღი ცალმხრივი ხომ არასდროს ყოფილა? ოპოზიცია უკვე წლებია “ოცნებას” და მის მომხრეებს პუტინის მონებს, ანუ ქვეყნის გამყიდველებს და მოღალატეებს ეძახის.

თქვენ გგონიათ, ეს ნაკლებად შეურაცხმყიფელია, ვიდრე “მკვლელებოს” და “მეცოცხეებოს” ძახილი? ან გაიხსენეთ, რა მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ. ვინ დაიწყო, ზიზღის კამპანია? სწორედ ოპოზიციამ გვარამიას თამადობით.

მათ ისეთები იკადრეს ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, ყურში არ შეიშვებოდა. ეკრანიდან გინებაც კი არ დააკლეს. (“მოღალატის” და “სამშობლოს გამყიდველის” ძახილზე აღარაფერს ვამბობ). კანდიდატის დაბულინგების უპრეცედენტო კამპანია მიდიოდა და ამაზე ოპოზიციის მხარდამჭერ არცერთ ე. წ. ინტელექტუალს ხმა არ ამოუღია.

სამაგიეროდ საპასუხოდ მეორე ტურის წინ “ოცნებამ” რომ გამოაკრა სისხლიანი ბანერები, მერე აღშფოთდნენ.

ორმაგი სტანდარტი – ეს მთავარი ოპოზიციური ძალის უტიფრობის ერთ-ერთი შემადგენელია.

ამომრჩეველი კი ბრმა არ არის და არც ისეთი ცხვარია თქვენ რომ გგონიათ და ეძახით. თქვენ სერიოზულად გგონიათ, რომ ადამიანს, ვისაც ოპოზიციის მხარდაჭერა ქვს გადაწყვეტილი, მას აზრს 20 ლარით, ან 50 ლარით შეაცვლევინებ?

20 ლარად არჩევნებზე შეიძლება ის ადამინი წავიდეს, ვისაც ისედაც “ოცნება” მოსწონს, ან მისი წინააღმდეგი დიდად არა, მაგრამ არჩევნებზე წასვლა ეზარება და ფულის ხათრით მიდის.

ვინმე ოპოზიციის მომხრე იყოს, “ოცნების” გაგდება უნდოდეს და 20 ლარის გამო აზრი შეიცვალოს, წარმოუდგენელი ამბავი მგონია.

ასე რომ თავს ნუ იტყუებთ და ხალხს ნუ ლანძღავთ. უმჯობესია მიზეზი საკუთარ თავში იპოვოთ და რამე შეცვალოთ. “არჩევნებს აზრი არ აქვს” და “რევოლიციის” ძახილით ამას ვერ მოახერხებთ. ხომ ხედავთ, არ მოგყვებათ ხალხი ამ რევოლიციაზე და ისევ იმავე წრეზე რატომ მიდიხართ? ესეც მოწმობს, რომ ვერაფერი გაიგეთ და ვერაფერი ისწავლეთ.

ერთადერთი, რასაც ამ პერმანენტული კრიზისების გამოწვევით ახერხებთ, ქვეყნის და საკუთარი თავის დაზიანებაა. ჰოდა, შემდეგი არჩევნებიც თუ “ოცნებამ” მოიგო, ეს.მხოლოდ თქვენი დამსახურება იქნება და ყველა იმ პარტიის, ვინც “ნაციონალურ მოძროაბას ეტენება” და ჩემნაირ ამომრჩეველს არჩევანს უმცირებს.

რა უნდა გექნათ სხვა? მაგალითად შეგერჩიათ არა-ნაცი მერობის კანდიდატი, ვინც ნაცების ამომრჩეველსაც მოეწონებოდა და მეც და ჩემნაირებიც წავიდოდით არჩევნებზე.”- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში

Next Post

„როდესაც ირჩევ ცუდსა და უარესს შორის და ამას ამართლებ..“ - დემურ გიორხელიძე

კვი ოქტ 31 , 2021
1,228 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: როდესაც ირჩევ ცუდსა და უარესს შორის და ამას ამართლებ დროებითი გადაწყვეტილებით, რომ შემდეგ “კარგი გამოჩნდება” – არ ხარ საკუთარი სახელმწიფოს მქონე პიროვნების აზროვნებამდე ასული! რატომ?! როცა ცუდს ირჩევ უარესის ფონზე, – შენ ცუდს აძლევ ყველაზე დიდ რამეს პოლიტიკაში – შენ მას აძლევ ლეგიტიმაციას და ცუდი ხდება შენი ქვეყნის (რომელიც ვერ გაგიაგია, რომ სახელმწიფოდ იქცა და […]