იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი რადიკალურ ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მათ გამოყენებას მაშინ იწყებს, როდესაც რაღაცის გადაფარვა სურს. მისი აზრით, სავარაუდოდ, ივანიშვილისა და ვასაძის შეხვედრა არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. ბარამიძე დადასტურებულად ვერ ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე ყოფილიყო, თუმცა გამორიცხვით არ გამორიცხავს. მისივე აზრით, შესაძლოა ივანიშვილი ვასაძის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებდეს, რადგანაც მან იცის, რომ პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებს და კოალიციური მთავრობა დასჭირდება. სავარაუდოდ, მისი გეგმა სწორედ ეს არის, რომ ვასაძესთან და „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად კოალიცია შექმნას. ამით შეეცდება, რომ პარლამენტში უფრო მეტი რადიკალური ჯგუფები შეიყვანოს”, – წერს სტატიის ავტორი.
„არ გამოვრიცხავ, რომ ვასაძე ივანიშვილს რაღაცით აშანტაჟებდეს. მან თქვა, რომ მათ შორის შეხვედრა შედგა, თუმცა ბოლომდე არ დაასახელა რაზე. ეს მგონია, რომ ვასაძის მხრიდან ივანიშვილის გაფრთხილება იყო და მიანიშნა, რომ პირობის არშესრულების შემთხვევაში უფრო მეტს იტყვის. ჩემი ვერსიაა, რომ მათ შორის მოლაპარაკება არჩევნებს უკავშირდება. სავარაუდოდ, დახმარების სანაცვლოდ ივანიშვილი ვასაძეს პარლამენტში შეყვანას დაჰპირდა. რა პირობა არ შეუსრულა, ეს არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ივანიშვილი 2020 წელს ვასაძის და “პატრიოტთა ალიანსის” დახმარებით აპირებს კოალიციის შექმნას. სხვაგვარად მან იცის, რომ უმრავლესობას ვერ აიღებს და “ოცნებასთან” ამ რადიკალური ჯგუფების გარდა სხვა არვინ ითანამშრომლებს. დააკვირდით როდის აქტიურდება ვასაძე. მას ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დროს იყენებს. ვასაძე არის პერსონა, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად იყენებს. ახლაც ფილმთან დაკავშირებული აჟიოტაჟით მან საპატრიარქოს ირგვლივ დაწყებული სკანდალების გადაფარვა სცადა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ ვასაძემ რაღაცის თქმა უკვე დაიწყო“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.