პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით.
„ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით, უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. თავისუფალი სამყარო დღეს სერიოზული გლობალური გამოწვევების წინაშეა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ომის დასაწყისი, რომელიც ყველას გვეხება. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო ძალიან ხშირად განიცდიდა რუსულ აგრესიას.
მოგეხსენებათ, რომ 15 წლის წინ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. დაბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ყოფნისთვის და გაგიზიაროთ ქართველების მტკიცე რწმენა, რომ ქართველთა მრავალი თაობის მიზნის მიღწევა – ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავება ევროპის დემოკრატიულ ერთა ოჯახში, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესშია, არამედ, ასევე გახდის ამ ოჯახს უფრო ძლიერს და კიდევ უფრო გაერთიანებულს. დიდი მადლობა”,- განაცხადა პრემიერმა.