პარლამენტმა მეორე მოსმენით – 81-ხმით ერთხმად დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.
როგორც ინჯიას მიერ წარდგენილ კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს კონსტიტუციური უფლება შეეზღუდებათ – მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ითქვა, რომ 2011 წლამდე გამოშვებული ყველა პირადობის მოწმობა გაუქმდება.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გამონაკლისის სახით, კანონმდებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც “რელიგიური მოსაზრებების” გამო ID ბარათების აღებაზე უარს ამბობენ, გამონაკლისს დაუშვებს. კობახიძის თქმით, “რელიგიური მოსაზრებების” გამო დაახლოებით 65 ადამიანი ამბობს უარს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, რამდენიმე ათეული.