პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურორი პარლამენტში დაიბარა. ამის პასუხად, ქურდებით გატენილმა „ოცნებამ“ ანტიკორუფციულ სამსახურს 300 მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერის შემოსავლების შესწავლა დაავალა.
ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელიც სისტემური კორუფციით, როგორც ონკოლოგიით დაავადებული არ არის, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ საქართველოში ვინ ნიშნავს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს?! პრემიერ-მინისტრი! და ვინმეს სჯერა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?! მით უმეტეს, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, მას დღესაც მამამისი ინახავს. ცოტა ანეკდოტური სიტუაციაა, რომ 41 წლის პრემიერს დღემდე მამა ინახავს. ის, ვინც თავს ვერ ინახავს, ქვეყანას რამეს შემატებს?!
დავუბრუნდეთ ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის დანიშვნის წესს. ევროკავშირის მიერ მოცემულ ცხრაპუნქტიან დათქმაში, ცალკე პუნქტად არის შეტანილი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი არ უნდა ნიშნავდეს! ის უნდა ინიშნებოდეს საზოგადოების, მათ შორის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური სპექტრის ფართო ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“.
შეგახსენებთ, იქ, სადაც კორუფციაა, არ არსებობს ეკონომიკის განვითარება და კეთილდღეობა ყველა ადამიანისთვის. ასე რომ, ეს უბრალო საკითხი არ არის.
როგორც კი შევცვლით ხელისუფლებას, მექნება წინადადება, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო სექტორმა წარადგინოს და პარლამენტმა არა უბრალო უმრავლესობით, არამედ ისეთი მაღალი კვორუმით დაამტკიცოს, რაც ყველა შემთხვევაში ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს.
არ გვექნება მომავალში კორუფცია? – გვექნება შანსი, განვავითაროთ ეკონომიკა და უფრო მეტ ოჯახს გაუჩნდეს მაღალი, ღირსეული შემოსავალი“, – აცხადებს ოქრიაშვილი.