„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობა ხორციელდება.
ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, მიხეილ გაათავისუფლოს სააკაშვილი.
„იმ ყველაფრის ფონზე,როცა „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, როგორ გახადოს ქვეყანა რუსეთის გუბერნია და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვცდილობთ ევროპის ნაწილი გავხდეთ, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კიდევ ერთი დასკვნა დაწერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც მთავარი შინაარსი იკითხება. რუსული პარტია რუსულად კითხულობს ამ დოკუმენტს. სალავიოვ-სიმონიანის არ იყოს, შავით თეთრზე რომ ამტკიცებდნენ, იმავეს ამტკიცებენ ეს ადამიანები. პენიტენციური დაწესებულება კი არა, სუს-ის დანამატი რომ არის, მათ განცხადებაც გაავრცელეს. დასკვნაში შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ, ვერ დაწერს. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ „ვივამედის“ ექიმები კი არ იღებენ გადაწყვეტილებასო და ექიმებთან კი არ გვაქვს შეკითხვაო, პენიტენციური გადაწყვეტილება, ანუ სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი, „რუსული პარტია“ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას და არა ექიმებიო. ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე დამატებითი პრობლემაა. ეს დასკვნა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. გარდა იმისა, რომ „კლანის“ მოსამართლეები დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუმპირებულები არიან და ამ ხალხმა გაასამართლა, გარდა იმისა, რომ აშშ-მ ფარცხალაძეზე, ვინც ბრალი „შეკერა“ პრეზიდენტ სააკაშვილზე, თქვა, რომ ეს „რუსეთის აგენტია“. ახლა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა. მივმართავ რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც მთლიანად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მისცეს შესაძლებლობა, რომ ელაპარაკოს ხალხს. შენ ხომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს – სახელმწიფო უწყებები, მილიარდები, ფარცხალაძე, რუსეთის აგენტურა, ხომ ყველაფერი შენს ხელშია ივანიშვილო, თუ არ გეშინია გამოუშვი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცი შესაძლებლობა, ესაუბროს ხალხს. მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და მოგიწევს ამის გაკეთება ხალხის გადაწყვეტილებით, თუ შენ ამას არ გააკეთებ, ქართველი ხალხი 2024 წელს აუცილებლად დააღწევს თავს რუსულ პარტიას და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.