
ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებულ პანდემიას, ყველა სახელმწიფო თავისებური მიდგომით ებრძვის – ქვეყნების უმეტესობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა თურქმენეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, COVID-19-ს გამორჩეული გზით ებრძოლოს – ქვეყანამ სიტყვა „კორონავირუსი“ საერთოდ აკრძალა.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებსს, რომ სიტყვა „კორონავირუსის“ აკრძალვის რეალურ მიზანს პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვა წარმოადგენს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს აგრეთვე სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც თურქმენეთის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს, საავადყოფოებსა და სამუშაო ადგილებს ურიგებს.
უფრო მეტიც – შეიძლება დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში ნიღბებს ატარებენ და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ ლაპარაკობენ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.