თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა და კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს გაეცნო. ეს მეთოდი გულისხმობს კომორბიდული დაავადებების სპეციალურ ჯგუფს, ანუ მედიკოსთა იმ ნაკრებს, რომლებიც ნევროლოგიური, გულის და იმ სხვა დაავადებების მართვაში სპეციალიზირდებიან, რომელთათვისაც COVID-19 დამატებით რისკად მიიჩნევა.
თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან ინოვაციის ავტორი ექიმის გვარი დაასახელა და განაცხადა, რომ ამ ექიმის ინოვაცია ძალიან სერიოზულია.
„თქვენ კარგად იცით, ვინ არის კოვიდის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ… სიკვდილიანობის შემთხვევები, ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის და ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები. თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, ეს გახდება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში” – თქვა ცერცვაძემ.
ექიმი, რომლის მკურნალობის მეთოდითაც თენგიზ ცერცვაძე აღფრთოვანდა, გორის ჰოსპიტალის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჭუმბურიძეა. ნინო ჭუმბურიძე ცნობილი ენდოკრინოლოგია. როგორც აღმოჩნდა, ის თბილისის მერის, კახა კალაძის სიდედრი დ მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის დედაა. ნინო ჭუმბურიძე 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა, ის სამაჩაბლოში და ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.