„ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ეს არის გაუგონარი, ველური შურისძიება და ამას არაფერი აქვს საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან“ – აცხადებს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, მისი თქმით:
„ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით ახორციელებს შურისძიებას მოშიმშილე პატიმარზე. მაშინ, როდესაც არსებობს ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, სადაც ნათლად წერია, რომ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იქნეს მაღალპროფილურ კლინიკაში, და ამის საპირწონედ ხელისუფლებას ქურდულად, მოტყუებით გადაყავს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც პირველ რიგში არც შესაბამისი სამკურნალო პირობებია, არც აპარატურაა და პატიმარზე ასევე, უწყვეტად ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა პატიმრების მხრიდან, რაზეც პასუხისმგებელი პირველ ყოვლისა არის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობა“.
ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების ვალდებულებები აკისრია, აქვე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე გაკეთებული საკმაოდ მწვავე შეფასებები, რასაც ფაქტობრივად ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს, როგორ აისახება ეს ქვეყნის იმიჯზე სამომავლოდ?
„ხელისუფლებას მოუწევს ადრე თუ გვიან, გაითვალისწინოს ერთის მხრივ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრი, ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და გადაიყვანოს სააკაშვილი შესაბამისი პროფილის კლინიკაში და მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება“.