აზოვის პოლკის ერთ–ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი, „ტვ პირველთან“ აზოვის პოლიკის ჩამოყალიბებაზე საუბრისას, ამბობს:
„ეს წამოვიდა საქართველოდან – მინდა ვისარგებლო და მივმართო აფხაზეთის ომგამოვლილ ვეტერანებს, „შავნაბადა“, „თეთრი არწივი“, ეროვნული გვარდია – მაგათ გვანახეს მაგალითი ვაჟკაცობის, თავდადების, საქართველოსადმი სიყვარულის. ამან გამოიწვია შემდეგი თაობების ოფიცრებში მუხტი. ვინც აქ არის დღეს, ვინც 2014 წელს ჩამოვიდა, ყველაშია ეს მუხტი – ეს არის ამ ვეტერანების დამსახურება და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, იმისათვის რაც დაგვიტოვეს, ეს თქვენი გამარჯვებაა. ამან გამოიწვია, რომ 2014 წელს ჩამოსული ქართველები, უკვე აღიქვამდნენ ბრძოლის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
2014 წელს აზოვი არ იყო კერძო, იყო შსს–ს ეროვნული გვარდიის მოქმედი ქვედანაყოფი. ჩვენ შტატი დავხვეწეთ და ის გამოცდილება, რაც საქართველოში ჩვენმა გენერლებმა, ოფიცრებმა მასწავლეს, ეს განათლება გამოვიტანეთ. მოგვიანებით შეიქმნა სამხედრო–სამეთაურო სკოლა, ეს იყო ბატალიონი, სადაც შედიოდა სერჟანტთა მომზადების სკოლა და ოფიცერთა მომზადების სკოლა, ასევე კიდევ სხვადასხვა კურსები. 2015 წელს უკვე მოვამზადეთ პირადი შემადგენლობები, ყველა მეთაური მოვამზადეთ… პოლკის მეთაურიც, ყველა ჩვენი სტუდენტები იყვნენ, პატარა ბიჭები იყვნენ… ამ წლების განმავლობაში, დავიწყეთ გეგმებზე მუშაობა, მათ შორის მარიუპოლის, ძირითადად მე, ბაზვა და ზაზა ვმუშაობდით გეგმებზე. 7–8 წლის განმავლობაში ჩართული ვიყავით ყოველდღიურად კურსებში. დიდი სამუშაო იყო შესრულებული აზოვის გაწვრთნაში, ძირითადად, ფსიქოლოგიურ–იდეური.