„როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით?“ – ბობოხიძე უმრავლესობას

1,510 წაკითხვა

როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით? – ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

მან მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში სწორედ ისინი არიან და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამდენად, გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია.

გარდა ამისა, ბობოხიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციის ინიცირებულ კანონპროექტსაც შეეხო, რომელიც სამპროცენტიან ბარიერსა და პოლიტიკური ბლოკების დაშვებას გულისხმობს. ბობოხიძის თქმით, პარლამენტის სამსჯელო არ უნდა იყოს, რომელი პარტია რომელთან გაერთიანდება.

„დღეს ვიხილეთ კლასიკური გალაშქრება მთავარი პოლიტიკური სისტემის წინაშე. რეალურად, თქვენ გაილაშქრეთ პარტიული სისტემის წინააღმდეგ, როდესაც ადამიანებს ელაპარაკებით, რომ თურმე პარტიები არიან წურბელები, რომლებიც ბიუჯეტზე სხედან და წურბელასავით სისხლს წოვენ ქვეყანას. ამას ელაპარაკებით პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააოგნეთ ქვეყანა არანორმალური დანამატებით და პრემიებით.

მეორე ნაწილი – რაზედაც თქვენ ახლა დაობთ, ბლოკები უნდა იყოს თუ არა. მაპატიეთ, მაგრამ რა კანონის და თქვენი გასარკვევი უნდა იყოს, რომელი პარტია ვისთან მივა და როგორ მივა? რატომ უნდა იყოს ეს საერთოდ პარლამენტის სამსჯელო? ვისაც უნდა მივიდეს ერთმანეთთან – პრორუსული, პროდასავლური, მემარცხენე, მემარჯვენე… ხალხმა შეაფასოს მერე იმ პარტიების გულწრფელობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებისაა და ერთად მოიყრიან თავს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით და როდემდე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანას თქვენ მართავთ, ბატონებო და არა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ბობოხიძემ.

იპნ

Next Post

ინციდენტი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

სამ ნოე 12 , 2019
1,510 წაკითხვაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა. მისი განცხადებით, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას აპროტესტებს. მოქალაქემ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“ და ისინი პარლამენტისგან პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ.  

შესაძლოა მოგეწონოთ