ილია მეორე – საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მიუღებელია – ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით, მისი შინაარსის გაუკუღმართებით

130 წაკითხვა

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი სხვა საკითხებთან ერთად ეპისტოლეში სწორედ „რეალურ თავისუფლებაზე“ საუბრობს და განმარტავს, რომ თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

„სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინაარსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“- მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა“, – აღნიშნავს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

Next Post

ჯანმოს ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი Arcturus-ი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა

სამ აპრ 18 , 2023
130 წაკითხვამსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა და ის ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა. მედიის ცნობით, ვირუსი ყველაზე სწრაფად ინდოეთში ვრცელდება და ამ დროისთვის ქვეყანაში მისი 60 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. Arcturus-ი ვარიანტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები სახელდება.