პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტზე პრესის ინსტრუმენტად არის ქცეული – კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ, რომ მოსახლეობამ გაიგოს, – აღნიშნული განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე ოპოზიციის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის 60 დღით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.
გოცირიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივები განსახილველად კომიტეტებსა და სესიაზე გაიტანონ და თუ მხარს არ უჭერენ, „ჩააგდონ“.
„რატომ გეშინიათ განსახილველად ისეთი საკითხების გამოტანის, რაც არის მტკივნეული? ჩვენს მიერ შემოტანილი ცვლილებები, რომელსაც 60 დღით ავადებთ, ითვალისწინებს იმას, რომ სკოლის დირექტორები, მოადგილეები და მასწავლებლები საარჩევნო კომისიებში აღარ იყვნენ – ბედნიერი იქნებიან მასწავლებლები, რომელთაც მოსწავლეთა მშობლების აღრიცხვა არჩევნებში მისასვლელად აღარ მოუწევთ. ათასობით მასწავლებელია კომისიაში და ახლა მათ ატრენინგებთ, რათა საარჩევნოდ კომისიებში შეიყვანოთ. ისევ ამ მახინჯ პრაქტიკას აგრძელებთ. ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასე დაბრიყვებული რატომ გყავთ?!“, – განაცხადა გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.