დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ა.წ. 9 იანვარს კაცობრიობა შიშნარევი გრძნობით ელოდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ, ერაყში განლაგებულ ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისას გაკეთებული განცხადების მიხედვით ირანის საპასუხო მოქმედება უდავოდ უნდა ყოფილიყო შურისძიების გამომხატველი, თანაც ისეთი, აშშ-ს რომ მრავალი წლის განმავლობაში არ დაავიწყდებოდა.
8 იანვრის გამთენიეს ირანმა დაბომბა ერაყში არსებული აშშ-ს 2 სამხედრო ბაზა. ირანის ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს მიხედვით, სარაკეტო თავდასხმამ 60 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. აშშ-ს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ დაბომბვას არც მსხვერპლი და არც ნგრევა არ მოჰყოლია.
მსხვერპლის დამალვა, თანაც 60 ჯარისკაცის, არცთუ იოლი საქმეა. როგორც ჩანს აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე — ისეთთან, ოფიციალურმა ირანმა რომ გააკეთა — სილის გაწვნა. მხოლოდ სილის გაწვნისთვის იყო ამდენი ხმაური ატეხილი და არა შურისძიებისთვის? არის თუ არა ირანის მხრიდან ესოდენ „რბილი“, შემწყნარებლური მოქმედება აშშ-ს შიშით გამოწვეული? რატომ დაინდო ირანმა აშშ-ი?
ასეთი კითხვები გაჩნდა 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ვიდრე სიღრმისეულად განვიხილავთ აშშ-ირანის დაპირისპირებას, მადლობა უნდა ვუთხრათ ირანის ხელისუფლებას გონივრული გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც არა მარტო ახლო აღმოსავლეთი, არამედ მსოფლიო იხსნა კატასტროფისგან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კაცობრიობა ისე ახლოს არ ყოფილა კატასტროფასთან, როგორც 8 იანვარს. 8 იანვარი გაცილებით სახიფათო თარიღი იყო, ვიდრე „ცხელი დღეები“ — კარიბის კრიზისით გამოწვეული.
ახალგაზრდა სოციალისტური კუბის დასაცავად კრემლმა მალულად განალაგა რაკეტები კუბაზე, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბირთვულ სახელმწიფოს. ამერიკამაც არ დააყოვნა და ულტიმატუმით აიძულა საბჭოთა კავშირი უკან დაეხია.
იმ შემთხვევაში ორი ქვეყნის ლიდერში კენედისა და ხრუშჩოვში გონიერებამ იმძლავრა, რამაც არა მარტო კუბა გადაარჩინა ჩაძირვას, არამედ მსოფლიო. მაშინ კენედიმ მიმართა ამერიკელ ხალხს, გაგებით შეხვედროდა უმძიმეს გადაწყვეტილებას — კუბის დაბომბვას და სსრკ-თან სამხედრო კონფლიქტის დაწყებას. 2020 წლის 8 იანვარსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა ამერიკასა და მსოფლიოს, ირანის საჰაერო თავდასხმის პასუხად.
კუბის კრიზისის დროს 2 ბირთვული სახელმწიფო იდგა ერთმანეთის წინააღმდეგ. 2020 წლის იანვრის კრიზისის დროს ერთი ბირთვული სახელმწიფო, არაბირთვული ირანის წინააღმდეგ, რაც თავისთავად ბირთვულ ამერიკას პრიორიტეტულობას ანიჭებდა. ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა (რისი შექმნის სრული შესაძლებლობა ჰქონდა), აშშ-ი თავშეკავებულად მოიქცეოდა.
საერთაშორისო არენაზე ბირთვული იარაღი დამბალანსებლის როლს ასრულებს. რომ არა ის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არაერთ ომს ექნებოდა ადგილი, ისეთივე მსხვერპლით, თუ არანაკლებით. ხალხში ამბობენ კუბის კრიზისის დროს აშშ-ა ჭიტლაყი ამოჰკრა სსრკ-ს და კუბიდან გამოაგდოო. სინამდვილე კი ასეთია — ორივე მხარე დათმობაზე წავიდა. აშშ-ა საბოლოოდ აიღო ხელი კუბის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე, თურქეთიდან გაიტანა სსრკ-ზე დამიზნებული ბირთვული რაკეტები, ხოლო სსრკ-ა კუბიდან გამოიტანა აშშ-ზე დამიზნებული რაკეტები.
2020 წლის 8 იანვრის ირანულ თავდასხმას მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადება — არა აგრესიული, არა პროვოკაციული, არა საომარი, არამედ შემრიგებლური, რაც გონივრული პასუხი იყო ირანის „გონივრულ დაბომბვაზე“. ტრამპმა გაგებით შეაფასა ირანის საპასუხო მოქმედება.
იბადება კითხვა — შეეძლო თუ არა ტრამპს ირანის საჰაერო „თავდასხმა“ სერიოზულ გამოწვევად ჩაეთვალა და ომი გამოეცხადებინა მისთვის? შეეძლო.
შეეძლო თუ არა ირანს გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შურისძიებისთვის, ერაყის გაუფრთხილებლად დაებომბა აშშ-ს სამხედრო ბაზები? შეეძლო, მაგრამ მან გააფრთხილა ერაყის ხელისუფლება იმ ანგარიშით, რომ ამ უკანასკნელს გაეფრთხილებინა აშშ-ი, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეები თავშესაფარში გადაიყვანა.
რა მისცა საჰაერო თავდასხმამ ირანს?
უპირველესად ის, რომ აშშ-ს დაანახვა — მასაც აქვს ბალისტიკური რაკეტები, რითაც შეუძლია ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის გარღვევა; რომ ირანი ტოლს არ დაუდებს ბირთვულ სახელმწიფოს, თუნდაც ასიმეტრიულ ომში. გარდა ამისა ირანმა ჯენტლმენური სილა გააწნა გონდაკარგულ ამერიკას, რომელმაც სრულიად დაუფიქრებლად და ავანტიურისტულად მოკლა ირანელი გენერალი.
გენერალ ყასემ სოლეიმანის განადგურების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამერიკელები გენერლის მკვლელობას იმით ხსნიან, რომ ყასემ სოლეიმანი ტერორისტი იყო და ხელები ამერიკელთა სისხლით ჰქონდა დასვრილი.
ყასემ სოლეიმანი პირველი და უკანასკნელი „ტერორისტი“ იყო და სხვა ირანელი სამხედრო მოსამსახურე ასეთი არ იქნება? ანდა, რას ნიშნავს ოფიციალური პირის, ისლამის რევოლუციის გუშაგთა მეთაური გენერლის ტერორისტობა?
აშშ-ს ოფიციალურ პირთა განცხადებით, გენერალი ყასემ სოლეიმანი გეგმავდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას. გენერალი, თავისი სამხედრო წოდებიდან და თანამდებობიდან გამომდინარე, იყო ჩართული სირია-ერაყში არსებული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ომში— ირანის მეთაურის, სულიერი ლიდერის დავალებით.
სირია-ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტული ომი არა მარტო ტერორისტთა წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ პირდაპირ თუ ირიბად აშშ-ს და მისი მოკავშირეების, რომელთა (განსაკუთრებით ამერიკელთა) ორმაგმა სტანდარტმა სირია-ერაყი საომარ არენად აქცია — მოსახლეობის უდიდესი მსხვერპლით, ლტოლვილებით, ნგრევით, შიმშილით და ა.შ.
ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებას მოჰყვა დასავლეთის ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების მოპოვებისთვის. სირია-ერაყის მმართველები, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ კოლექტიურ დასავლეთს, უმალ გამოცხადდნენ ომის გამჩაღებლად, ტერორისტებად და საკუთარი ხალხის მჩაგვრელებად, რომელთა „დახსნა“ ჯალათთა კლანჭებიდან აშშ-ა აიღო თავის თავზე და შეთითხნილი ბრალდებებით შეიჭრა ერაყში, შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გამოყენებით, სირიაში. რუსეთის, ირანის, მოგვიანებით თურქეთის ძალისხმევის გარეშე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორიც ერაყის სადამ ჰუსეინს (ჩამოხრჩობა).
„ისლამური სახელმწიფო“ — ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-სადმი ლოიალურად განწყობილი, დაისადგურებდა სირიაში. სწორედ გენერალ ყასემ სოლეიმანისა და მისი მსგავსი სამხედროების წყალობით, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე, გადაურჩა სირია განადგურებას.
ახლა, რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, რამაც გამოიწვია აშშ-ს გაგულისება. 27 დეკემბერს, ქ.კირკუკთან არსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზას რაკეტები დაუშინეს, რომლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამერიკელებმა თავდასხმაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლო „ჰესბოლა“ დაადანაშაულა და 2 დღის შემდეგ სასტიკად დაბომბა მისი სამხედრო ბაზა, რასაც 25 მებრძოლის ლიკვიდაცია მოყვა.
ამერიკელთა ქმედებით გაღიზიანებულმა ერაყელებმა, 2 დღის შემდეგ ალყაში მოაქციეს ქ.ბაღდადში არსებული აშშ-ს საელჩო, შენობაშიც შეიჭრნენ და რომ არა ცრემსადენი გაზი, რომელიც საელჩოს ამერიკელმა დაცვამ გამოიყენა, ძნელი წარმოსადგენია რით დამთავრდებოდა გაშმაგებული დემონსტრანტების შეტევა.
ამერიკელებმა აღნიშნულ ქმედებაში ირანის ხელი ივარაუდეს, განსაკუთრებით ირანის ისლამური რესბუპლიკის გუშაგთა ხელმძღვანელის ყასემ სოლეიმანის, რომელიც ხშირად სტუმრობდა ერაყ-სირიას. ამჯერადაც საუდის არაბეთში დიპლომატიური მისიით მიმავალი გენერალი ბაღდადში შეჩერდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით მას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობისთვის გადასაცემი ირანის მმართველთა წერილი მიჰქონდა.
ზემომოყვანილი მაგალითები იძლევა თუ არა ირანელი გენერლის განადგურების საფუძველს?
აშშ-ს პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა, თავის მართლების მიზნით, გენერალს ტერორისტი შეარქვეს, რომელიც თურმე დირიჟორობდა აშშ-ს საელჩოზე თავდასხმას, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს ევროპასა და ამერიკაში; რომ გენერალს არაერთი ამერიკელი ჰყავს მოკლული და ა.შ.
გენერლის მკვლელობა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და მისმა ლიდერმა ნენსი პელოსიმ პროვოკაციად შეაფასა და „თეთრ სახლს“ მოსთხოვა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დოკუმენტი, რომელმაც გადააწყვეტინა ტრამპს გენერლის სალიკვიდაციო ბრძანების გაცემა. კონგრესმა მოგვიანებით მოუსმინა სპეცსამსახურებს და პრეზიდენტს აუკრძალა ირანის წინააღმდეგ რაიმე ქმედების განხორციელება მის გარეშე.
გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია — ოფიციალური პირის და არა ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ახალი ამერიკული „გამოგონებაა“ ერთობ შემაშფოთებული, რამეთუ ამ ხერხით ნებისმიერი თანამდებობის პირის, მითუმეტეს სამხედროს განადგურება შეიძლება, სხვათაშორის აშშ-საც. ვის-ვის და სწორედ ამერიკელი გენერლების, პოლიტიკოსების, პრეზიდენტების სახელებს უკავშირდება ავღანეთ-ერაყ-სირიაში გაჩაღებული ომები, ასეულ-ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, აღნიშნული ქვეყნების ნგრევა და ა.შ.
17 წელია ამერიკელები ავღანეთსა და ერაყში აწარმოებენ ომებს, რომელთა დასასრულს ბოლო არ უჩანს. ბუშიდან დაწყებული ყველა პრეზიდენტი ობამა, ტრამპი არწმუნებდნენ ამერიკელებს და მსოფლიოს, რომ შეწყვეტდნენ ომს და ჯარს დააბრუნებდნენ სამშობლოში, თუმცა დაპირება, დაპირებად რჩება. თვით ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიიდან დაწყებული აცხადებდა, რომ ამერიკას არაფერი ესაქმება ავღანეთსა და ერაყში, თითქოს სირიიდან დაიწყო ჯარის გამოყვანა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ნავთობით მდიდარ რაიონებში დატოვა, ამერიკელი მენავთობეების უსაფრთხოების დასაცავად.
ერაყის საკანონმდებლო ორგანოს ბოლო გადაწყვეტილებაზე, აშშ-ს ჯარების ერაყიდან გაყვანის მოთხოვნით, ტრამპმა უკმეხად გასცა პასუხი — არსადაც არ გავიყვანო. ამ განცხადების, სამართლიან ჩარჩოებში მოსაქცევად, დაამატა — არ გავალ, ვიდრე ერაყი არ გადაიხდის აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზების მშენებლობაში გაწეულ ხარჯებს, რაც მისივე გაანგარიშებით მილიარდობით დოლარს შეადგენს.
ამერიკელებს ეს ბაზები ერაყელებისთვის არ აუშენებიათ, თავისთვის აიშენეს. უფრო მეტიც — ტრამპი აშშ-ს საელჩოს შენობის აშენებაში დახარჯული თანხების დაფარვასაც ითხოვს, რაც ცინიზმია.
თუ ერაყის ხელისუფლება აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გაყვანას მოითხოვს, მაგრამ პასუხად აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას იღებს — არსადაც არ გავალო — ნიშნავს თუ არა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შებღალვას, ოკუპაციას?
ერაყ-ამერიკის „დიალოგმა“ მსოფლიოს დაანახვა ამერიკის ნამდვილი სახე, თუმცა არიან ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, რომელიც მონუსხულივით შეჰყურებს ვაშინგტონს და ყელგამოწვდილი ეხვეწება სამხედრო ბაზების გახსნას. ზოგი ე.წ. პოლიტიკოსი მარტო სამხედრო ბაზაზე არ ყაბულდება, მას ამ ბაზაზე რუსეთისთვის დამიზნებული ბირთვული იარაღის განლაგებაც სურს.
სამწუხაროდ, ნათელაშვილი მარტო არ არის, ბერძენიშვილები, მაჭავარიანები, სხვებიც ბანს აძლევენ. ცხადია მათ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყვება — ჯერ, მაგრამ, საზოგადოებას ნელ-ნელა, მეთოდურად აჩვევენ ამ „გენიალურ“ აზრს. დავუშვათ, აშშ-ა მართლაც გახსნა საქართველოში სამხედრო ბაზები, რასაც ამერიკელი სამხედროები და პოლიტიკოსებიც უჭერენ მხარს, შეძლებს ოდესმე, მომავალში საქართველო ამ ბაზების გაყვანას?!
გარდა ამისა, ბაზების გახსნისთვის ფულია საჭირო ანუ საქართველომ ყოველწლიურად ფული უნდა გადაიხადოს ე.წ. ამერიკულ თავდაცვაში, თან საკმაოდ მნიშვნელოვანი. მოვიყვან შემდეგ მაგალითებს — აშშ-იაპონიას შორის ძველი ხელშეკრულებით იაპონია ამერიკას უხდის 1.8 მილიარდ დოლარს წლიურად, აშშ-ს 54000-იანი სამხედრო კონტიგენტის შესანახად. ახალი ხელშეკრულებით ამერიკა ითხოვს აღნიშნული თანხის 8 მილიარდ დოლარამდე გაზრდას.
ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეასთან მიმართებაში. 4.7 მილიარდ დოლარს ითხოვს ამერიკა 28000-იანი სამხედრო კონტიგენტის შესანახად. აღარაფერს ვამბობ ევროპის ქვეყნებზე.
ასე, რომ სამხედრო ბაზა ფული ღირს, თანაც იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტია. ყველაფერთან ერთად იმის გათვალისწინებაც არის საჭირო ჩვენი „გონებაგახსნილი“ პოლიტიკოსების მხრიდან, რომ საქართველო, რუსეთის ბირთვულ სამიზნედ გადიქცევა.
გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას მოულოდნელად მოჰყვა ისეთი პოლიტიკური ძვრები, მსგავსს რომ ადგილი არ ჰქონია ბოლო 70 წლის განმავლობაში — შეპასუხება დიდი, ძლიერი, ბირთვულკვერთხიანი ამერიკისთვის. დასაწყისში, კუბის კრიზისი გავიხსენეთ, მაგრამ მაშინ გასროლას ადგილი არ ჰქონია. 2020 მოვლენებისას გასროლას ჰქონდა ადგილი — ირანის მხრიდან — „მშვიდობიან“, უმსხვერპლოს, მაგრამ აშშ-ს პრესტიჟისთვის მომაკვდინებელს.
70 წლის განმავლობაში არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის არც რუსეთს და არც ჩინეთს, არ გაუკეთებია ის, რაც ირანმა გაუბედა აშშ-ს. და არა მარტო გაუბედა, გააფრთხილა კიდეც, თუ ის ირანის სუვერენიტეტს შებღალვას სარაკეტო თავდასხმა სისხლიანი იქნება.
8 იანვარმა მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე სერიოზული კორექტივები შეიტანა, რაც ჰეგემონის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ნიშნავს ანუ ჰეგემონის პოზიციების შერყევას. ამერიკის ადმინისტრაციამ დაინახა თანამედროვე ირანის სიძლიერე, ხალხის სულიერი სიმტკიცე, ამტანობა, გამბედაობა, რომლის წინააღმდეგ წერტილოვანი თავდასხმები ნაკლებშედეგიანი იქნება, ხოლო ხანგრძლივი ომი — ვიეტნამის მსგავსი, დამღუპველი.
9 მილიონი ირანელი იღებდა მონაწილეობას გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაში. ერთ მუშტად შეკრული, ფანატიკური ძალა, რომელთანაც გამკლავება შეუძლებელია, თუნდაც 26 ამერიკული სამხედრო ბაზიდან, ირანს რომ რკალივით აკრავს.
8 იანვარმა ტრამპს და მის ადმინისტრაციას თვალები აუხილა, ამიტომაც გააკეთა მან განცხადება, რომ მზად არის დაუბრუნდეს მოლაპარაკების იმ ფორმატს, რომლიდანაც გავიდა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.