პუტინმა ამერიკულ ჟურნალში სენსაციური სტატია გამოაქვეყნა

1,432 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელმოწერით, ავტორიტეტულ ამერიკულ ჟურნალში “The National Interest” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების რეალურ მიზეზებს განიხილავს და დასათაურებულია, როგორც “The Real Lessons of the 75th Anniversary of World War II” (“მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის რეალური გაკვეთილები“

სტატიის სენსაციურობა შემდეგში მდგომარეობს:

რუსეთის პრეზიდენტი შეახსენებს დასავლეთის საზოგადოებას, რომ რუსეთმა (სსრ კავშირის სახით) თავის დროზე თავად გამოააშკარავა მოსკოვის 1939 წლის ხელშეკრულების (ე. წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი) საიდუმლო ნაწილი და დაგმო იგი. მაგრამ, აღნიშნავს ვ. პუტინი, – “სხვა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, დაივიწყონ ხელშეკრულებები, რომელთა ტექსტების ქვეშ დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ნაცისტების ხელმოწერებია დასმული და მათ არ სურთ, მისცენ სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება ამგვარ თანამშრომლობას”. ამიტომ, პუტინმა სტატიაში მოუწოდა ყველა ამ სახელმწიფოს, რომელთა ხელმძღვანელობა ჰიტლერულ გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, გაასაჯაროონ შესაბამისი საარქივო დოკუმენტები, როგორც ამას რუსეთი აკეთებს დღემდე. ეს განსაკუთრებით, ბრიტანულ-გერმანულ მოლაპარაკებებს ეხება, რომელთა მასალებიც დღემდე გასაიდუმლოებულია!

“ჩვენ არ ვიცით, არსებობდა თუ არა რიგი ქვეყნების მიერ ნაცისტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების  რაიმე საიდუმლო ‘პროტოკოლები’ ან დანართები. ერთადერთი, რაც ჩვენ გვრჩება, არის მათი სიტყვები, რომლებსაც უნდა ვენდოთ” – აღნიშნა სტატიაში რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის მოწოდება, მოხდეს არქივების გასაჯაროება და ფარდა აეხადოს ინგლის-საფრანგეთის ფარულ თანამშრომლობას გერმანიასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. პრეზიდენტმა სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ დაუშვებელია, პოლონეთს მიეცეს საშუალება, დავიწყებას მიეცეს ე. წ. მიუნხენის გარიგება, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა – დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ჰიტლერს დაუთმეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიების დიდი ნაწილი და, მალევე, ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, კი, პოლონეთიც მონაწილეობდა – ამასაც აღნიშნავს პუტინი და ამ გზით, ფაქტობრივად, თავდაყირა აყენებს დასავლურ პროპაგანდას, რომელიც დღემდე ჩასჩიჩინებს მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ მეორე მსოფლიო ომი გერმანია-სსრკ-ის გარიგების შედეგია და პოლონეთი არის ამ გარიგების მსხვერპლი, ხოლო ჩეხოსლოვაკიის თემაზე დასავლური პროპაგანდა “მოკრძალებულად” დუმილს არჩევს.

სტატიაში პუტინი დასავლეთს იმასაც საყვედურობს, რომ მას შემდეგ, რაც გერმანია უკვე პოლონეთს დაესხა თავს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არაფერი იღონეს, წინ აღდგომოდნენ ამ აგრესიას.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 8 მაისს პუტინმა მოითხოვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეფასება მისცეს და დაგმოს ჩეხოსლოვაკიის გაყოფა ნაცისტური გერმანიისა და პოლონეთის მიერ 1938 წელს, “მიუნხენის გარიგების” შედეგად. ასევე შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, მოსკოვში ჩატარდება გამარჯვების აღლუმი, ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ისტორიაზე არ ჩერდება და მოუწოდებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, გაეროს 5 მუდმივმოქმედ წევრს, შედგეს ამ სახელმწიფოთა ლიდერების პირადი შეხვედრა და გადაიდგას მსოფლიოსთვის სასარგებლო ნაბიჯები, პირველ ყოვლისა, ეკონომიკის სფეროში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური კრიზისის დასაძლევად.

Next Post

ლაშა ნაცვლიშივილი სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პარ ივნ 19 , 2020
1,432 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ