გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს

827 წაკითხვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება მიხეილ სააკაშვილს.

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ექიმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსილიუმებში. მათი როლი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ სააკაშვილს. მათ აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენ, ექიმები, არ ვარჩევთ პაციენტებს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს პაციენტის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სამომავლოდ.

სააკაშვილს რუსთავშიც და გლდანშიც უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება და ნამდვილად არ იყოს საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბევრი დეპუტატის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. სააკაშვილმა დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და ამას მოჰყვება დანარჩენი მოშიმშილეების ანალოგიური გადაწყვეტილებები. იმედი მაქვს, რომ შემდგომში საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ საპროტესტო აქციებს. გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გამოსულია მწყობრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტი აუცილებლად და შეუფერხებლად მიიღებს ყველა საჭირო სერვისს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

Next Post

„ღამ-ღამობით ალბათ პატარა, გაუწონასწორებელ დიქტატორს დინჯი დიქტატორის აჩრდილი გამოეცხადება“ -მაია ნიკოლეიშვილი

შაბ ნოე 20 , 2021
827 წაკითხვაპატარა ქვეყნის პატარა დიქტატორს ესკორტით მიაცილებდნენ დიდი ქვეყნის დიდი დიქტატორის მშობლიურ, ქართულ ქალაქში – ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში. „თითქმის საუკუნის ინტერვალით, 21 დეკემბერს რატომ შობს ჩვენი ქვეყანა ბობოქარ, ავტორიტარ პიროვნებებს, რომელთაც ერთი ქვეყნის ტერიტორია ეცოტავებათ, პატარა საქართველოს მოქალაქეობას თმობენ და მეზობელ, სლავურ სივრცეს მიელტვიან თვითგანმტკიცებისა და საკუთარი გრანდიოზულობის მანიით შეპყრობილები და რომელთა მმართველობის ძირითადი […]