არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც ორხევის დასახლებაში აშენებული სახლების დემონტაჟზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, დემონტაჟის პროცესი მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე დაიწყო.
„სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.