გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის უკრაინის, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის საკითხებზე.
მერკელის განცხადებით, ცდილობდა, ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკება გაემართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2021 წლის ზაფხულში, თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.
მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ.
„მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა – ”ის შემოდგომაზე მიდის”, – აღნიშნა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
კრემლში 2021 წლის აგვისტოში ვიზიტზე საუბრისას, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გააცნობიერა, მას რუს კოლეგაზე გავლენა აღარ ჰქონდა.
„განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, პუტინის შეჭრა უკრაინაში მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.