„მაინც ვიტყვი ამ ტაშის დამკვრელთა საყურადღებოდ“ – ირინა სარიშვილი

1,242 წაკითხვა
ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:
კი ვთქვი რომ აღარაფერი დამრჩა დასამატებელიმეთქი როცა მარიამ დოლიძის არაჩვეულებრივი სტატუსი გავაზიარე, მაგრამ მთელი დღე რომ ვუყურებ როგორ უხდიან მადლობას თბილისის მერს, თან არა მხოლოდ “ოცნების” მხარდამჭერები, გული რომ არ გამისკდეს, მაინც ვიტყვი სწორედ ამ ტაშის დამკვრელთა საყურადღებოდ, თუნდაც ეს ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეს ეხებოდეს.
ბიჭებს და გოგოებს როცა იჭერენ მხოლოდ იმისთვის რომ მერე გვევაჭრონ, პიარი გაიკეთონ მათი გამოშვებით და ამაზე ტაშს რომ ვუკრავთ ან უბრალოდ გამარჯვებად ვითვლით – მარაზმია!
ადამიანებს რომ სახლებს უნგრევენ, სიცივეში გარეთ ყრიან თან პანდემიის დროს და მერე, ყველაზე გახმაურებული ფოტოს მიხედვით ერთ პატიოსან ოჯახს ამ სახლების დამანგრეველი ქალაქის მერი ვითომ საკუთარი და სინამდვილეში ჩვენი ჯიბიდან მოპარული ფულით ჩუქნის სახლს და ამაზე გული გვიჩუყდება და ცრემლიან მადლობებად ვიღვრებით – მარაზმია!
ერთიც და მეორეც ჩვენი სოლიდარობის და ერთიანობის შედეგადაა მიღწეული, ოღონდ ეს სოლიდარობაც მოკლევადიანი გამოდის, როცა მხოლოდ ნაწილობრივ სამართალს ვჯერდებით, გვავიწყდება სხვა პატიმრები, სხვა უსახლკაროები და არა მხოლოდ გვავიწყდება, მადლობასაც კი ვუხდით ბოროტმოქმედებს, როცა ისინი ზეწოლის, საკუთარი თავის შველის, შურის და ანგარების გამო თითო–ოროლა ადამიანის მიმართ იჩენენ “მოწყალებას”.
ჩვენ მთლიანად ან ნაწილობრივ (თუ ეს შესაძლებელია) დავკარგეთ თავმოყვარეობა, ღირსება და ისე გავჩაჩანაკდით რომ მზად ვართ თითო საჩვენებელი აქტისთვის ფეხქვეშ გავეგოთ მკვლელებს, მძარცველებს, მატყუარებს.
მე არ ვიცი თავად როგორ მოვიქცეოდი იმ წესიერი კაცის ადგილას, რომელიც ქუჩაში რჩებოდა და მხოლოდ საზოგადოებრივმა რისხვამ აიძულა მისი სახლის დამანგრეველი რომ ბინა ეჩუქებინა. გამახსენდებოდა ასეთ დროს რომ ჩემს გარდა კიდევ დარჩა ხალხი უსახლკაროდ, რომ ფეხმძიმე ქალს მიაყენეს შეურაცხყოფა? მივხვდებოდი იმას რომ ჩემთვის გაკეთებული ამ საჩუქრით თან თავის საქმეს იკეთებს ავაზაკი და თან ჩემსა და დანარჩენებს შორის უფსკრულს აჩენს?
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ადამიანს სწორ საქციელში და მართალ პოზიციაში, როცა ეს ძალიან ძნელია, სწორედ საზოგადოება ეხმარება, საზოგადოება, რომელმაც უნდა მოიტანოს სამართალი არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი.
ჩვენ არ ვართ ასეთი საზოგადოება და ამიტომ თუ ის პატიოსანი კაცი ბინის მჩუქებელს მადლობას გადაუხდის, ვერ გავკიცხავ, რადგან ის ვერ მიხვდება სინამდვილეში ვინაა ამ საჩუქრის ავტორი და რატომ არაა ეს საკმარისი სიხარულისთვის, ვერც ამას გაიგებს.
ეგებ მათ, ვინც ეს ცნობილი ფოტო ვატრიალეთ და ძალიან სწორადაც ვატრიალეთ აქ, სოციალურ ქსელში, ეგებ მათ მაინც შევიკავოთ თავი მადლობების გადახდისგან და ბინის ჩუქებას სიკეთე კი არა, თავისი სახელი დავარქვათ – ამით ერთ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ დკარგული თუ შელახული თავმოყვარეობის აღდგენისკენ და იმ კარგ კაცსაც ეცოდინება, ვისი მადლობელი უნდა იყოს და არც იმათ დაივიწყებს, ვისთან ერთადაც გუშინ ქუჩაში იყო.
ვცადოთ აბა…

Next Post

ამნისტია ასობით პატიმარს შეეხება

ოთხ დეკ 16 , 2020
1,242 წაკითხვაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ასობით პატიმრის განთავისუფლებას მოუხსნის ან შეუმსუბუქებს სასჯელს.სარჯველაძემ იმ დანაშაულებრივ კატეგორიებზე ისაუბრა, რომლებიც ამნისტიას დაექვემდებარება: „ამნისტიის ინიციატივა გულისმხობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითიტებულია კანონპროექტში, და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხევვაში სასჯელისგან გათავისუფლების წინაპირობა იქნება […]