„ეს უფრო გაქცევას ჰგავს ვიდრე..“ – გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

პირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე, – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

გია ხუხაშვილის განცხადებით, წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. მისი თქმით, წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება, ვინაიდან „ყალბი მეორედ მოსვლა ბევრჯერ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში“.

„ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. ის, რომ მისთვის გამარჯვება და პოლიტიკიდან გამარჯვებულად გასვლის იმიტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გასაგებია. მისი არგუმენტები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას. რეალურად გადის, თუ არა ამას მტკიცებულებები სჭირდება. არ ვიცი, გასვლა ასე ადვილი არ არის. თავის დროზე, მეც ვთქვი, რომ პოლიტიკიდან გავდივარ-მეთქი, ძალიან მტკივნეული იყო. მე ადამიანურად მისი მესმის. შეიძლება, უნდა კიდევაც გასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია. პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა – მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი არ ჰყავდეს ჩასმული მინისტრთა კაბინეტში… გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ ის, რომ იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

იპნ

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *