წაყრუება და მიჩუმათება – ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მეთოდი

961 წაკითხვა

უკვე მეექვსე წელია მას შემდეგ, რაც ჰააგის საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა გამოძიება წამოიწყო, ხოლო ერთ წელიწადზე მეტია, რაც ამ სასამართლოსთან არსებულმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაასრულა, რის შესახებაც პროკურორმა ფატუ ბენსუდამ  ოფიციალურად განაცხადა.

ამისდა მიუხედავად, გამოძიების შედეგები არ ქვეყნდება და სასამართლო გადაწყვეტილებას არ ღებულობს. დუმილს ინარჩუნებს ახალი პროკურორიც – დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აჰმად ხანი.

საქართველოს ხელისუფლება მაღალ მოლოდინს ნერგავდა საზოგადოებაში, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სიმართლეს დაადგენდა და დაზარალებული ადამიანები და მთლიანად ჩვენი ქვეყანა ამ საქმეში მატერიალურს თუ არა, მორალურ სარგებელს ნახავდა. მაგრამ ეს თავიდანვე ყალბი მოლოდინი და უპასუხისმგებლო საქციელი იყო. ჩნდება განცდა, რომ დადუმებული ჰააგის სასამართლო პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს და მას არანაირი სურვილი არ გააჩნია, სიმართლე გამოაცხადოს.

ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი ნახევარსაათიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც „მე-7 არხის“ ეგიდით გამოვიდა და ინტერნეტშიც იძებნება. ფილმში მოცემული ინტერვიუების ფარგლებში, ზოგიერთი პატივცემული რესპონდენტი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ, სულ მცირე, შეცდომა დაუშვა, როდესაც აფრიკისა და ავღანეთის საკითხებზე მომუშავე ჰააგის სასამართლო და მისი პროკურორი საქართველოში   მოიხმო, რითაც აფხაზებთან, ოსებთან და მეზობელ რუსეთის სახელმწიფოსთან გაჩენილი ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავა, დადებითი შედეგი კი ვერ მიიღო:

„საქმეს ცოტა სხვაგვარად უნდა შევხედოთ: ჩვენ თავად რა გვსურს? რამდენიმე აფრიკული ქვეყნის შემდეგ, მივიქციოთ მთელი მსოფლიოს ყურადღება, როგორც ომის შემოქმედი ქვეყნისა? ჩვენ, გვსურს ეს თუ არა, თავად შეგვყავს საქართველო ამ ბინძურ საქმეში… როდესაც ამას ვაკეთებთ, არ ვფიქრობთ მთავარზე, რის მოცემაც ამ სასამართლოს არ შეუძლია (ისევე, როგორც არ შეუძლიათ ჩვენს ე. წ. მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს – ამერიკელებსა და ევროპელებს); კერძოდ: თუკი ჩვენ ვესწრაფით ძმობას და სააკაშვილი ოსებსა და აფხაზებს „ძმებად“ იხსენიებდა, თუკი ჩვენ მართლაც გვსურს მშვიდობა და ძმობა, ურთიერთობების აღდგენა, მაშინ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი გარკვეული პრეტენზიები და შეშფოთება. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვამატებთ და ზეწოლას ვახორციელებთ მათზე ამ საქმით.

პროცესი დასრულდა, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ოსების მოსაზრებები და მასალები, ამიტომ ოსებისთვის არაფერი არ დასრულდა, უფრო ზუსტად – დასრულდა ამ ეტაპზე. მათი მხრიდან იყო დაახლოებით 6 ათასი განცხადება, რომელთა ნაწილი არ მივიდა სასამართლომდე, დაიკარგა. ოსები მიიჩნევენ, რომ ჰააგაში ვერ იქნება ვერავითარი ობიექტურობა, როდესაც სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი, ლორთქიფანიძე, მუშაობს. მაშასადამე, პრობლემა არ გადაწყვეტილა და პირიქით, იქმნება ახალი პრობლემები.

საქართველოს ეს არ სჭირდება, რადგან ჰააგის სასამართლო არ განაიხილავს პოლიტიკურ საკითხს – ვინ დაიწყო ომი და რატომ, ვინ არის ამაში დამნაშავე და ასე შემდეგ. სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დანაშაულებებს, რომლებიც, შესაძლოა, ჩაიდინეს სამი მხარის – ოსები, რუსები, ქართველები – სამხედროებმა. ეს პროცესი ვერ მიგვიყვანს ჩვენთვის, ნორმალური ადამიანებისთვის, სასურველ შედეგამდე ანუ ოსებთან საერთო ენის გამონახვასა და დარეგულირებამდე“ – ეს აზრი გამოთქვა ცნობილმა პოლიტოლოგმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა და ძნელია, არ დაეთანხმო მას.

მართლაც, როგორ გვინდა პოლიტიკური დიალოგი მეორე მხარესთან, როდესაც მას გამუდმებით ვლანძღავთ და თან ვცდილობთ, მისი კრიმინალიზაცია მოვახდინოთ? იქნებ, იმაზეც დავფიქრდეთ, რომ გარე ძალებს არც აწყობთ ჩვენი დიალოგი რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან? საქართველოს ინტერესი კი რა არის – გარე ძალების ინტერესების მსახური თუ დიალოგის გზით შედეგის მიღება?

ვშიშობ, რომ ჰააგის სასამართლომ, რაიმე პროვოკაციული დასკვნა უეცრად არ „შემოაგდოს“, რუსეთსა და ნატოს შორის უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და კონსოლიდირება მოვახდინოთ საქართველოს ინტერესების გარშემო, რაც ნატო-დასავლეთისგან მეტ დისტანცირებასა და დამოუკიდებლობას მოითხოვს!

დავით ბერიძე

Next Post

სუს-მა გორის კულტურის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

ხუთ თებ 3 , 2022
961 წაკითხვაგორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ბიტკოინს და გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სავარაუდოდ აღმოჩენილ მაინერებს ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. მათივე ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. „გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. […]

შესაძლოა მოგეწონოთ