ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკის არსებულ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გათვლებით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
„ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება.