ზურაბ ჯაფარიძეზე, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

119 წაკითხვა

შსს-მ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება თსუ-ში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე დაშავდა, მიყენებული დაზიანებებით კი, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც თავად ლუკა შველიძე, მისი დედა და სამართალდამცველი მონაწილეობდნენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ხეჩინაშვილში მომხდარ ინციდენტს წინ თსუ-ში დაპირისპირება უძღოდა. უნივერსიტეტში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და თსუ-ს ლექტორის ირაკლი კობახიძე ლექციის ჩატარების დროს ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ, ლუკა შველიძე ირწმუნებოდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

Next Post

გიგა ბოკერია - დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი - პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე, ქვეყნის მომავალი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას

შაბ ივნ 17 , 2023
119 წაკითხვადღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს. როგორც ბოკერია აღნიშნავს, პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ქვეყნის მომავალი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. „ჩვენ რაც გვახსოვს, ასლან აბაშიძის რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი, ყველა ამ ტიპის რეჟიმი და განსაკუთრებით პუტინისტური სულისკვეთების, როგორიც მაგალითად იანუკოვიჩის იყო, ამ მეთოდებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ. […]

შესაძლოა მოგეწონოთ