ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და ამისთვის მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს.
მისივე თქმით, „ვაგნერი“ საფრთხის დამატებითი ფაქტორია, რომელიც არასტაბილურობას ქმნის და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.
“ყველა ის არგუმენტი, რომ დასავლეთის დაზვერვას „თვალები“ აქვს ბელარუსშიც და რუსეთშიც, რომ ყველაფერს ხედავენ და ჩვენ შეიძლება მშვიდად ვიყოთ, რადგან არაფერი მოხდება უეცრად, არაფერს ნიშნავს… „ვაგნერის“ მაგალითზე ვხედავთ, რომ რაღაცები უეცრად ხდება “, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ამ დაჯგუფებაზე კონტროლი არც რუსეთს და არც ბელარუსს ჰქონდეს.
“ეს ორი არასტაბილური ქვეყანაა და ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად აკონტროლებენ ისინი ამ კერძო არმიებს და რას მოაწყობენ”, – დასძინა ლანდსბერგისმა.