ყველა თვალსაზრისით, აქ საქმე ეხება, როგორც ადამიანურ რესურსს, ჩართულები არიან მაშველები, პოლიციელები და სამხედროები. ამ კუთხით დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის, მაქსიმალური მობილიზაციაა. რაც შეეხება ტექნიკას, აქაც, როგორც ვიცი, სამაშველო სამუშაოები სრულად არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, როდესაც შოვში განვითარებულ სტიქიურ უბედურებაზე ისაუბრა.
ამასთან, კობახიძის თქმით, ყველანაირი თვალსაზრისით, სრულად არის უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები.
„ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ვითომ ჩემი განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით ამასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაცა სპეკულირებას ასე ახერხებს, უბრალოდ, გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს. რაც შეეხება თვითონ სამაშველო სამუშაოებს და დამატებითი რესურსის საჭიროებას, რა თქმა უნდა, მეტ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები გაგიზიარებთ, თუმცა მე რა ინფორმაციაც მაქვს, ყველა თვალსაზრისით, აქ საქმე ეხება, როგორც ადამიანურ რესურსს, ჩართულები არიან მაშველები, პოლიციელები და მათ შორის სამხედროები, ამ კუთხით დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის, მაქსიმალური მობილიზაციაა. რაც შეეხება ტექნიკას, აქაც, როგორც ვიცი, სამაშველო სამუშაოები სრულად არის უზრუნველყოფილი.
გავიმეორებ, რაც შეეხება სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას, ჩემი ინფორმაციაა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ყველანაირი თვალსაზრისით, სრულად არის უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები, მათ შორის წყლით, საკვებით, „პლედებით“ და ა.შ. მათ შორის უზრუნველყოფილია საცხოვრისი დაზარალებული პირებისთვის და ა.შ. ყველა თვალსაზრისით სამაშველო სამუშაოები არის სრულად უზრუნველყოფილი და არ დგას ასეთი დამატებითიო რესურსის საჭიროება”, – განაცხადა კობახიძემ.